ირმა ინაშვილი - ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობისა და მხედრობისთვის და მათ რა ემართებათ? ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს მეტი მოწოდება, რომ წავალთ და ვეზიარებით
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე მრევლმა და ეკლესიამ მაღალი კულტურა აჩვენეს და მათი მხრიდან დაცულია დისტანცია.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ირმა ინაშვილმა კომენდანტის საათსა და სადღესასწაულო ღონისძიებებზე ისაუბრა.
„ბიუროს სხდომაზე ირიბად ლაპარაკი იყო ბზობის დღესასწაულზე, მოახლოებულ ვნების კვირაზე. კარგად გვესმის, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება და ლიტურგია, წირვა ჩატარდება, ვეზიარებით კიდეც, ვინც ზიარების რიგში დგას და ვინც მაზიარებელი და აღმსარებელია. მრევლი წესებსაც და რეკომენდაციებსაც დაიცავს. მგონი, ეკლესიამ და მრევლმა ძალიან მაღალი კულტურა აჩვენეს. დისტანცირებაც დაცულია და გახმოვანებაც. ეკლესია თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, სამედიცინო პერსონალთან. ყველა ამ პუნქტს ითვალისწინებს. ზოგ-ზოგიერთები ისე ნუ იზამთ, მრევლი ძალიან გააბრაზოთ. ახლა ამის დრო არ არის. რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათს, ჩემთვისაც გაუგებარია – 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე. მეჩვენება, რომ რაღაცნაირად, ლიტურგიასთან არის კავშირში, რომ ადამიანებს წირვაზე მისვლა გაუჭირდეთ.
პირიქით, ახლა უნდა ვეზიაროთ. ნუთუ, ამას ვერ ხვდებით? ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობისა და მხედრობისთვის და ამ მთავრობასა და მხედრობას რა ემართება? ის კი არ უნდა ვთქვათ, წირვაზე არ წავალო, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მეტი მოწოდება უნდა იყოს – წავალთ და ვეზიარებით. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენმა მრევლმა და ეკლესიამ მაღალი კულტურა აჩვენა, როგორ არის დისტანცია დაცული. ამას აღდგომის წირვაზე კიდევ ვაჩვენებთ. რა ხდება? – 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე სხვა რეჟიმია კორონავირუსის გავრცელების და დღის მანძილზე სხვა რეჟიმია? არის ელემენტები, რაც ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ამ დეტალებზე არ „გაწვებით“, – განაცხადა ინაშვილმა.