ირმა ინაშვილი - ე.წ. პოლიტპატიმრები ჩემი მხრიდან პირობა არ ყოფილა, პირიქით, ჩვენ დამნაშავეების დასჯას ვითხოვთ
ირმა ინაშვილი - ე.წ. პოლიტპატიმრები ჩემი მხრიდან პირობა არ ყოფილა, პირიქით, ჩვენ დამნაშავეების დასჯას ვითხოვთ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან ე.წ. პოლიტპატიმრების პირობა წამოყენებული არ ყოფილა და პირიქით „პატრიოტთა ალიანსი“ დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

„რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, მე მთელი ამ წლების განმავლობაში ვითხოვ დამნაშავეების დასჯას, სააკაშვილის და ბოკერიას გუნდიდან, მმართველი გუნდიდან, ვინც 2004-2011 წლებში მართავდა ქვეყანას და ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის არაერთი დანაშაული. ჩემთვის ის ადამიანები, რომლებიც ვთქვათ, იგივე ბოკერიას და სააკაშვილის გუნდის წევრებისთვის პოლიტიკური პატიმრები არიან, არ არიან პოლიტპატიმრები, თუმცა დასახელებულ პირებს შორის გრადაცია არის, მაგალითად თამლიანზე, ის და უგულავა ჩემთვის ერთი არაა. ჩემი მხრიდან ე.წ. პოლიტპატიმრები პირობა არ ყოფილა, პირიქით ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დღის წესრიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ნაწილს ორი მთავარი საკითხი აქვს დაყენებული – „პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ხალხის წინაშე დადებული პირობის შესრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების მონაწილეობით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, შედგება თუ არა საბოლოოდ შეთანხმება საარჩევნო მოდელზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.