ირმა ინაშვილი - დღევანდელ შეხვედრაზე დავაფიქსირე ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ გამოსავალი მხოლოდ ხელახალ არჩევნებშია, იქნება ეს 45 დღეში, თუ გაზაფხულზე
ირმა ინაშვილი - დღევანდელ შეხვედრაზე დავაფიქსირე ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ გამოსავალი მხოლოდ ხელახალ არჩევნებშია, იქნება ეს 45 დღეში, თუ გაზაფხულზე

დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაშია, იქნება ეს 45 დღეში, თუ  გაზაფხულზე, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოლაპარაკება და შეთანხმება დამოუკიდებლად შეძლებოდა.

„ძალიან ვაფასებ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას ამ პროცესში. ისინი ძალიან დიდი ძალისხმევას ხარჯავენ, რათა ჩვენ მივიდეთ კონკრეტულ კონსესუსამდე, ისე როგორც ეს მოხდა 8 მარტის შეთანხმების პერიოდში. ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევა. საერთოდ, კარგი იქნება, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები და დამოუკიდებლად მივიდეთ შეთანხმებამდე, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ამისთვის მზად არ არის. ამიტომაც, ევროკავშირის ელჩის ჩართულობა, აშშ-ის ელჩის ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირის ელჩთან. ახლა კიდევ ერთხელ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი პარტიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაშია, იქნება ეს 45 დღეში, თუ იქნება ეს გაზაფხულზე, ყველა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. მე ეს პოზიცია დავაფიქსირე დღევანდელ შეხვედრაზე, ამ პოზიციას ვაფიქსირებ მედიასთანაც და დამოუკიდებელი შეხვედრების დროსაც“, – განაცხადა ინაშვილმა.

ინაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თუ დარწმუნებულია ხალხის მხარდაჭერაში და არაფრის შიში არ აქვს, ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნოს.

„მე რომ ხელისუფლება ვიყო, როგორ მოვიქცეოდი, ამას გეტყვით – „ქართული ოცნება“ თუ ამტკიცებს, რომ ის არის ძლიერი, აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა და მას არ აქვს შიშები, როგორც ძლიერმა ხელისუფლებამ, სწორედაც რომ მან უნდა განახორციელოს ეს ინიციატივა. აი, მე რომ ვიყო ხელისუფლება და ვიყო ასეთი პოლიტიკურ კრიზისში, გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ არ მეშინია კიდევ ერთხელ დავდო შედეგი, არ მეშინია ხელახალი არჩევნების ჩატარების, მე არ გავაღრმავებ პოლიტიკურ კრიზისს და დავნიშნავ ხელახალ არჩევნებს ვთქვათ, გაზაფხულზე, მოვამზადებ სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებს, განვახორციელებ ამას ოპოზიციასთან ერთად და კიდევ ერთხელ დავდებ შედეგს.

ასეთი შეთანხმების შემთხვევაში, მემორანდუმი რომ დაიდოს, სადაც ჩაიწერება, რომ მაგალითად, გაზაფხულზე ინიშნება არჩევნები, მაშინ უკვე შეიძლება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე. შესვლაზე და გამოსვლაზე არ ვლაპარაკობ მე“, – განაცხადა ინაშვილმა.

ამასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომა ჩაატაროს.

„ოცნებას  ვთავაზობ, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა. მას ამის შეუძლია გაკეთება და კონკრეტული ცვლილებების განხორციელებაც. სხვათა შორის, შესაძლებელია მეცხრე მოწვევის პარლამენტს კიდევ გაუხანგრძლივდეს საქმიანობის ვადა და ამ პერიოდში განვახორციელოთ ეგ ცვლილებები. სხვადასხვა ვარიანტზე შეგვიძლია მსჯელობა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დატოვე კომენტარი