ირმა ინაშვილი - დავით გარეჯზე გარიგებები მიხეილ სააკაშვილის პერიოდში დაიწყო
ირმა ინაშვილი - დავით გარეჯზე გარიგებები მიხეილ სააკაშვილის პერიოდში დაიწყო

დავით გარეჯზე გარიგებები მიხეილ სააკაშვილის პერიოდში დაიწყო, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა და ამბობდა, ნახევარი გარეჯი ჩვენ არ გვეკუთვნის, იმათიაო, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, დავით გარეჯზე რაღაც ძალების მონაწილეობაზე ხმამაღლა სწორედ ეს ხალხი ლაპარაკობს.

„დღეს ვინ ლაპარაკობს დავით გარეჯზე? გარიგებები დაიწყო სააკაშვილის პერიოდში. მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა და პირდაპირ იმ განცხადებებს ეყრდნობიან დღეს აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლები, ნახევარი დავით გარეჯი, ჩვენ არ გვეკუთვნის, იმათიაო. ის ხალხი ლაპარაკობს დღეს დავით გარეჯზე, რაღაცა ძალების მონაწილეობაზე დავით გარეჯთან მიმართებაში. ქართული მიწების 22 პროცენტი მოწინააღმდეგეს რომ ჩააბარა და მიჰყიდა. ამ ქვეყანაში ხომ უნდა დამთავრდეს ეს სიმახინჯე, რაც ხდება. აი, ასე დადუმებული რომ სხედხართ „ქართული ოცნების“ დეპუტატი კაცები, ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე. ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგის თავიც არა გაქვთ, რომ გაექაჩოთ და გაიყვანოთ დარბაზიდან. პირში უთხრათ სათქმელი, სხედხართ აქ და მაღალფარდოვანი სიტყვებით გამოდიხართ, სირცხვილი თქვენ ყველას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, სადემარკაციო კომისია, რომელიც დღეს გარეჯის საკითხზე მუშაობს პარლამენტში უნდა დაიბარონ და საგანგებო სხდომაზე მოუსმინონ.

„ლაპარაკი რომ მიდის ახლა 70 პროცენტი საზღვრის შეათანხმეს, საჯარო რატომ არ არის ინფორმაცია. რა პირობით შეთანხმდა, რომელი რუკებით შეთანხმდა, ეს ინფორმაცია რატომ არის ხალხისთვის დახურული? ჩვენ რომ ვლაპარაკობთ პატივისცემაზე. ნურავინ გვასწავლით აზერბაიჯანელების პატივისცემას, აზერბაიჯანელებსაც პატივს ვცემთ, ალიევიც მიგვაჩნია რომ გონიერი პრეზიდენტია, მაგრამ ნუ ეპოტინებიან ჩვენსას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, დავით გარეჯი ეს არის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ქართული მიწაა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ, ისე კი არა ენის კანკალით რომ ლაპარაკობენ, ღირსეულად უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

დატოვე კომენტარი