ირმა ინაშვილი - ცვლილებები მეტყველებს, რომ სახელისუფლო გუნდმა უარი თქვა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე, თუმცა მაინც არის ჩადებული პატარა მელაკუდობები
ირმა ინაშვილი - ცვლილებები მეტყველებს, რომ სახელისუფლო გუნდმა უარი თქვა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე, თუმცა მაინც არის ჩადებული პატარა მელაკუდობები

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პროპორციული სისტემა სასარგებლოა ამომრჩევლისთვის, რადგან ამომრჩევლის ხმა პირდაპირ აკუმულირდება საპარლამენტო მანდატში და არსად იკარგება.

ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის დროს მოქალაქის შეკითხვას უპასუხა.

ინაშვილის თქმით, რა რაოდენობის ხმასაც იღებს პარტია, იმ რაოდენობის მანდატები ხვდება პარლამენტში.

„საინტერესო შეკითხვაა, ნახეთ, როგორ დააყენა საკითხი, ეს ცვლილება მნიშვნელოვანია პარტიებისთვის, ანუ ეგოისტურად სურთ პარტიებს ამ პროპორციული სისტემის მიღება, თუ ეს ჩვენთვის, საზოგადოებისთვისაც არის კარგი. ყველაფერი ერთად. ძალიან საინტერესო შეკითხვა დასვით. თქვენ, როგორც ამომრჩეველი, ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენს მიერ არჩეულმა პარტიამ მაქსიმალური უპირატესობა მოიპოვოს პარლამენტში, ხომ ასეა? თქვენ გსურთ, რომ თქვენი ხმა იყოს რეალიზებული. მარტივად მინდა, ავხსნა, რომ პროპორციული სისტემა, და მე სრულად პროპორციული სისტემის მომხრე ვარ, რა არის სინამდვილეში.

პარტიული სიები, ანუ, რა რაოდენობის ხმასაც იღებს პარტია, იმ რაოდენობის მანდატები ხვდება პარლამენტში. ანუ, არის პირდაპირი კავშირი მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის. შეკითხვას მარტივი პასუხი აქვს. ეს არის სასარგებლო თქვენთვის,როგორც ამომრჩევლისთვის იმიტომ, რომ თქვენს მიერ მიღებული ხმა პირდაპირ აკუმულირდება საპარლამენტომანდატში და არსად არ იკარგება“,- განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის განმარტებით, მაჟორიტარული სისტემის ნაწილში, ისეთი უკიდეგანო უსამართლობები ხდება, რომ ძალიან ძნელია, ამომრჩევლის მიერ კონკრეტული კანდიდატისთვის მიღებული ხმა საპარლამენტო მანდატში აკუმულირდეს.

„ხშირად ვიხსენებ ხოლმე საგარეჯოს არჩევნების მაგალითს. ორ არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და მთელი მანკიერებაა, საუბედუროდ, ქართულ რეალობაში, თორემ მე ზოგადად, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მაჟორიტარულ სისტემას არ მივიჩნევ ანტიდემოკრატიულ ან არასამართლიან სისტემად სწორ და ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლებებს არ აქვთ ხელისუფლების მიტაცების სურვილი.

მაგრამ, ის, რაც მე ვნახე, როგორ ხდება მაჟორიტარულ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, როგორ ხდება მთლიანად ჩართვა პოლიციის, მერების, გამგებლების, მთელი ამ სტრუქტურის, სახელმწიფო ინსტიტუტების, აბსოლუტურად უპერსპექტივოა ოპოზიციური კანდიდატისთვის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში.

მე მგონი, არჩილიც მეთანხმება ამაში და ირაკლიც. შეიძლება, ხმამაღლა არ თქვას, ამდენი მაჟორიტარი დეპუტატი, რომლის ხარჯზეც საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ამ რაოდენობის მაჟორიტარებისგან მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც იქცა ჩვენი პარლამენტისგან ძალიან დიდი წნეხად.

ყველა ქვეყანა ერიდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოხვეჭას და კარგია, რომ თქვენ უარი თქვით ამაზე, ეს ცვლილებები სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ უარი თქვით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე, თუ მოხვეჭაზე, თუმცა, მაინც გაქვთ იქ პატარა მელაკუდობები ჩადებული და შემდეგ ვილაპარაკოთ ჩამკეტი მექანიზმის სტრუქტურაზე.

ამიტომ მაჟორიტარულ სისტემას კი არ ვებრძვით ჩვენ, ჩვენ ვებრძვით უსამართლობას და ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. ასეთი ტიპის არჩევნები რომ ჩატარებულიყო, დღეს საქართველოს პარლამენტში მე ვიქნებოდი საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი.

შეიძლება ნორმალური იყოს, რომ ყველა მაჟორიტარი, 70-ზე მეტი არის ერთი პარტიის? ეს არანორმალურობა არ მოგვწონს ჩვენ და მაჟორიტარულ ნაწილში უნდა შესულიყო ფერები, შტრიხები ოპოზიციური კანდიდატების“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვას, რომელიც საქართველოს პირველ არხის ეთერში გადაიცემა, საკონსტიტუციო კომისიის წევრები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ირმა ინაშვილი და მარიამ ჯაში მონაწილეობენ. განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.