ირმა ინაშვილი - ჩვენო აზერბაიჯანელო მეზობლებო, დავით გარეჯი ჩვენია და რაც ჩვენია, იმას თავი დაანებეთ
ირმა ინაშვილი - ჩვენო აზერბაიჯანელო მეზობლებო, დავით გარეჯი ჩვენია და რაც ჩვენია, იმას თავი დაანებეთ

პატივს ვცემ აზერბაიჯანელებს და მეც, როგორც მათი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, ველოდებით უკუპატივისცემას, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ირმა ინაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის უნდა ესმოდეს, რომ არ არის საჭირო წაეპოტინოს დავით გარეჯის მონასტერს, რადგან მათi არ არის.

„პატივს ვცემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს. მიმაჩნია, რომ გონიერი კაცია, მაგრამ ბატონ ალიევს სწორედ ეს გონიერება უნდა კარნახობდეს, რომ არ არის საჭირო წაეპოტინო დავით გარეჯის მონასტერს და იმას, რაც შენი არაა. პატივს ვცემ მოწოდებას სიმშვიდისაკენ და ყველას ვარწმუნებ, რომ მშვიდად ვართ. კეთილგონიერებასაც ვიჩენთ, სახელმწიფოებრივ აზროვნებასაც და სწორედ ასეთი სულისკვეთებით განმსჭვალულნი ვიცავთ იმას, რაც ჩვენია. ვიცავთ დავით გარეჯას. ხოლო ფორმა, როგორ დავიცავთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ეს ჩვენი თავისუფალი არჩევანის ნაწილია, ამიტომაც რაც მეტი ადამიანი არ დატოვებს დავით გარეჯის მონასტერს, მით უკეთესი. ამიტომაც ჩვენ პირველ ივნისს აუცილებლად ჩავალთ დავით გარეჯში და ამ დღეს, სხვა დღეებშიც რაც მეტნი ვიქნებით, ეს მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის მშვიდობიან მომავალს დაეხმარება. თუ ვინმეს სადმე რამე მზაკვრობა აქვს ჩაფიქრებული, იმაზე მეტი მზაკვრობა რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, რა უნდა იყოს. ამიტომ არის აუცილებელი, ხალხი არ მიდუნდეს. ცხელი გული არ გაცივდეს“, – წერს ირმა ინაშვილი.

მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი განაგრძობენ მუშაობას ამ საკითხზე. საჭიროა საჯარო იყოს მოლაპარაკებების ყველა დეტალი და ხალხი საქმის კურსში იყოს, რა ხდება.

„ეს ორმხრივი „მუშაობა“ განა სიახლეა? ძალიან მაინტერესებს, რაც შეთანხმებულია, ის ტერიტორია საქართველოს სასარგებლოდ არის შეთანხმებული, თუ პირიქით, რომელი რუკითაა შეთანხმებული? ბევრი კითხვაა და ყველას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ძველებსაც და ახლებსაც. ყველა აზერბაიჯანელ ნაღდ ძმას ჩვენც ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ვიმეორებ: ჩვენო აზერბაიჯანელო მეზობლებო, პატივს გცემთ, მაგრამ ჩვენც ველით თქვენგან პატივისცემას. დავით გარეჯა ჩვენია და რაც ჩვენია, იმას თავი დაანებეთ“, – წერს ირმა ინაშვილი.