ირმა ინაშვილი - ჩვენ ვალდებული ვართ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, სხვებისგან განსხვავებით, ამ თემაზე არავისთან გვივაჭრია
ირმა ინაშვილი - ჩვენ ვალდებული ვართ, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, სხვებისგან განსხვავებით, ამ თემაზე არავისთან გვივაჭრია

დღეს ჩვენ ვალდებული ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს და უზრუნველვყოთ ქვეყანაში სამართლიანი, დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, „სხვებისგან განსხვავებით“ მის პარტიას არასოდეს „უვაჭრია“ საკითხთან დაკავშირებით.

„ვიქნები ძალზედ სიტყვაძუნწი. არა იმიტომ, რომ არ მაქვს სათქმელი, მე ჩვენი ფრაქციის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სათქმელი მრავალჯერ დავაფიქსირე არა მარტო ამ დარბაზში, არამედ საკონსტიტუციო საჯარო განხილვების დროსაც. მაგრამ დღეს მინდა, არავინ არ გამოიყენოს ჩემი გამოსვლა, რათა შემდეგ საბაბად დაუდოს – აი ჩავარდა თქვენი გამოსვლის გამო, თქვენი კრიტიკული შენიშვნების გამო. ყველას მოვუწოდებ, კარგად გავაცნობიეროთ რა დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია დღეს. დიახ, არ არის იდეალური ის ცვლილებები, რაც არის წარმოდგენილი. დიახ, ბევრი კრიტიკული შენიშვნა გვაქვს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო თანმიმდევრული მთელ ამ პროცესში. აქ ბევრჯერ გაისმა სიტყვა ვაჭრობა. სხვებისგან განსხვავებით, არ გვივაჭრია არავისთან ამ თემასთან და არც სხვა თემებთან დაკავშირებით. ამიტომ დღეს ჩვენ ვალდებული ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს და უზრუნველვყოთ ქვეყანაში სამართლიანი, დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება. აქედან გამომდინარე, ამ მიზნიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, მე შევეცდები, რომ ვიყო ძალიან სიტყვაძუნწი და მოზომილი, თორემ სათქმელს რა დალევს, ძალიან ბევრი სათქმელი და შენიშვნა გვაქვს უმრავლესობის მიმართ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.