ირმა ინაშვილი - ბოიკოტის რეჟიმი დავასრულეთ, რადგან ჩვენი მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის ცვლილებას უკავშირდებოდა
ირმა ინაშვილი - ბოიკოტის რეჟიმი დავასრულეთ, რადგან ჩვენი მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის ცვლილებას უკავშირდებოდა

ბოიკოტის რეჟიმი დავასრულეთ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა უკავშირდებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას, – ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად ცვლილება და შეთანხმება შედგა.

„ბოიკოტი დავასრულეთ და საპარლამენტო საქმიანობას დავუბრუნდით. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხება ბოლომდე მივიდეს ანუ, კანონპროექტის განხილვა კანონის მიღებამდე მივიდეს. ამ პროცესში ვიმსჯელებთ დეტალებზე. იგივე 40-პროცენტიან ჩამკეტზე მეტი ნიუანსებია, რომელსაც მეტი სინათლე უნდა მოეფინოს. მნიშვნელოვანია, ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელდეს. კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება გახდეს სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაული, რადგან შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ფონზე, ხელისუფლება გააძლიერებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ბერკეტს. ჩვენი მიზანია, ეს ბერკეტი შევზღუდოთ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ. ჩემ პოლიტიკურ მიზნებს არ ვაგებ იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიმე სხვა პარტია. ჩემ პარტიას მისი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს. საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში ჩავერთვები, რადგან ეს შესაძლებლობაა ჩვენი მოსაზრებები დავაფიქსიროთ. ამაზე უარს არ ვიტყვით. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისთვის ე.წ. პოლიტპატიმრების თემა იყო ერთ-ერთი თემა, რომელიც რატომღაც, მათთვის კავშირში იყო საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან. ეს მათთვის იყო კიდევ ერთი პრიორიტეტული საკითხი, ჩვენთვის არ ყოფილა არც პრიორიტეტული საკითხი, არც პირობა და არც რაიმე ბმას ვხედავ ამ თემასა და საარჩევნო სისტემას შორის. არ მივიჩნევ, რომ გიგი უგულავა პოლიტპატიმარია. ეს თემა არავითარ კავშირშია საარჩევნო სისტემასთან. ამ მემორანდუმს წინაპირობები ჰქონდა და მუდმივად ე.წ. პოლიტპატიმრების თემა დომინირებდა. მხარი არ დავუჭირე და სწორად მოვიქეცი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.