ირმა ინაშვილი - არის ქვეყნის ცხოვრებაში ეპიზოდები, რაც უკვე ვეღარ მართლდება, სადაც არც ღირსებაა, არც თავმოყვარეობა და ყველაფერი სულერთია, გამოვფხიზლდეთ ყველა
ირმა ინაშვილი - არის ქვეყნის ცხოვრებაში ეპიზოდები, რაც უკვე ვეღარ მართლდება, სადაც არც ღირსებაა, არც თავმოყვარეობა და ყველაფერი სულერთია, გამოვფხიზლდეთ ყველა

არის ქვეყნის ცხოვრებაში ეპიზოდები, რაც უკვე ვეღარ მართლდება, სადაც აღარც სიმართლეა, არც ღირსებაა, აღარც ნდობაა, არც თავმოყვარეობა და ყველაფერი სულერთია, იქ ნორმალური ქვეყანა როგორ აშენდება?! გამოვფხიზლდეთ ყველა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ირმა ინაშვილი აღნიშნავს, საუბარი იმაზე, რომ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება პრეზიდენტის მისი პირადი, კერძო ინიციატივა იყოო, „ამ სინაზის ბავშვსაც არ სჯერა!“

„არჩევნებზე 700 000 ხმა ჩვენ არ დაგვიწერიაო, არადა, დაუწერეს!

პროპორციულ არჩევნებზე კენჭისყრა ჩვენ არ ჩაგვიგდია, ხუნდაძემ ჩააგდო, ჩვენ ცვლილება გვინდოდაო, არადა, ჩააგდეს, თან, სამარცხვინოდ და უნიჭოდ იმსახიობეს!

კოკა ყანდიაშვილს ჩვენთან შეხებაც კი არ ჰქონია, უბრალოდ, მხარდამჭერი იყოო, არადა, მდინარაძე სად იყო, ყანდიაშვილი რომ ოცნებაში მუშაობდა!

არც 8 მარტს და არც 28 მარტს არავის დავპირებივართ დამნაშავეების გათავისუფლებასო, აღმოჩნდა, რომ დაპირდნენ!

პრეზიდენტს როგორ ვაკადრებთ აზრი მოვახვიოთ თავსო, შეწყალება მისი პირადი, კერძო ინიციატივა იყოო, არადა, ამ სინაზის ბავშვსაც არ სჯერა!

ასეა, ჯერ თინა ხიდაშელს რომ მიცემ ხელისუფლებას, გააყალბებინებ არჩევნებს და მერე ამ დანაშაულს მოუწონებ, მოგვიანებით ხელიდან ხელში კიდევ ათას იდიოტს რომ აბურთავებინებ ქვეყანას და ბოლოს, ირაკლი კობახიძეს რომ ჩაუგდებ ხელში ჯერ პარლამენტს, მერე არჩევნებს და ბოლოს, ყველაფერს ერთად!

ვინც დილიდან ამ მარაზმის გამართლებას შეეცდება და ახლა იღებს ინსტრუქციას „ქართული ოცნების“ კურატორებისაგან, ის უნდა დაფიქრდეს და ტექსტი მერე აკრიფოს, ან არ აკრიფოს არაფერი. არის ქვეყნის ცხოვრებაში ეპიზოდები, რაც უკვე ვეღარ მართლდება.

სადაც აღარც სიმართლეა, არც ღირსებაა, აღარც ნდობაა, არც თავმოყვარეობა და ყველაფერი სულერთია, იქ ნორმალური ქვეყანა როგორ აშენდება?! გამოვფხიზლდეთ ყველა“, – წერს ირმა ინაშვილი.