ირმა ინაშვილი - არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება საქართველოს ტერიტორიაზე
ირმა ინაშვილი - არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება საქართველოს ტერიტორიაზე

საქართველოსთვის უნიკალურია სამხედრო მიუმხრობლობა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სპორტის სასახლეში პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან შეკრებილებს მიმართა, რომ ერთად იბრძოლონ, რათა ყველა მოთხოვნა, მათ შორის სოციალურ-ეკონიმიკური „ერთად გავატანინოთ ამ ხელისუფლებას”.

„არც ეკონომიკა, არც სოციალური პირობები, არც განათლება არ განვითარდება და ვერ განვითარდება, თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოსთვის უნიკალურია დღეს, ავსტრიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის მოდელი – მიუმხრობლობა. ჩვენ არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება საქართველოს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალისნის” ლიდერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, რას გულისხმობს პარტიის ინიციატივა. მისი თქმით, სამხედრო მიუმხრობლობასთან მიერთება არ გულისხმობს ევროინტეგრაციაზე უარის თქმას.

„საქართველო უნდა იყოს მშვიდობის ცენტრი. მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და არ უნდა დავუშვათ, რომ ახალი ტერიტორიების დაკარგვის რეალობის წინაშე დავდგეთ. ამ ვითარებაში საქართველოს ბუნებრივად ესადაგება ავსტრიის, ფინეთის, შვეიცარიის და შვედეთის მოდელი, რაც გულისხმობს სამხედრო მიუმხრობლობას. ეს არ არის უარის თქმა ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპულ სივრცეზე. პირიქით, ეს ქვეყნები არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ არ არიან არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრები, არც ნატო-ს წევრები. ეს მოდელი დღეს იქნება ძალიან ხელსაყრელი საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ამაზე გვექნება საუბარი როგორც 27 მაისის პერმანენტულ აქციებზე, ისე 15 ივნისის აქციაზე”, – განაცხადა ინაშვილმა.

მან სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით პარტიის ინიციატივაზეც ისაუბრა და საბიუჯეტო სახსრების მობილიზების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ხარჯების დაზოგვაზე გაამახვილა ყურადღება.

„ნატო-ს სტანდარტით გათვალისწინებულია, ყველა წევრმა ქვეყანამ ბიუჯეტიდან ორი პროცენტი გამოყოს თავდაცვისთვის. ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი ქვეყანა, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველო წარმატებით ასრულებს ამ პირობას და მთლიანი შიდა პროდუქტის 2,2% გამოყოფილი გვაქვს ნატო-ს სტანდარტებით თავდაცვისთვის. ვამბობთ, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანა ორიენტირებული უნდა იყოს უფრო სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, ვიდრე ასეთი მასშტაბის თავდაცვის დაფინანსებაზე. ეს 2,2% დაახლოებით ერთი მილიარდი ლარია”, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხა შესაძლებელია, გადანაწილდეს როგორც თავდაცვის ხარჯებზე, ისე სოციალური პროექტების დაფინანსებაზე.

„ეს ერთი მილიარდი ლარი შეგვიძლია, თავისუფლად გავანაწილოთ ისე, რომ თავდაცვასაც ჰქონდეს მისი ბიუჯეტი, მაგრამ 400-500 მილიონი ლარი გამოვყოთ იმისთვის, რომ მაგალითად, საჯარო სკოლებში დავნერგოთ უფასო კვება. მეორე ვარიანტია, რომ ათასობით ჩვენი მოსწავლე სასწავლებლად გავუშვათ იმავე კორეაში, იაპონიაში, სადაც პროგრამირებას აითვისებენ. კიდევ ერთი ვარიანტია, რომ ამ 400-500 მილიონით დაიწყოს საოჯახო პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს მცირე ბიზნესის აწყობაში მოქალაქეების დახმარებას”, – განაცხადა ინაშვილმა.

დატოვე კომენტარი