ირმა ინაშვილი - არ მწყდება გული აფხაზებზე, ხატის დაბრუნება ვერ გაგვაჩერებს, კიდევ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც სიხარულს მოუტანს ქართველებს, აფხაზებს, ოსებს
ირმა ინაშვილი - არ მწყდება გული აფხაზებზე, ხატის დაბრუნება ვერ გაგვაჩერებს, კიდევ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც სიხარულს მოუტანს ქართველებს, აფხაზებს, ოსებს

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ენგურის ხიდზე მომხრეებთან ერთად იმყოფება.

მისი თქმით, ის ილორის წმ. გიორგის ტაძრიდან ხატის მობრძანებას ელოდება.

„მე ველოდები ახლა ხატის გადმობრძანებას. ეს არის ილორის ღვთისმშობელი, რომელიც მთელი სამი კვირის განმავლობაში იყო ილორში, ეს ძალიან დიდი მადლია. ილორის ღვთისმშობელი მობრძანდება. ჩვენ უნდა დავხვდეთ ღვთისმშობელს, რომელიც იქნება ამიერიდან დევნილთა შემწე, რადგან თავად დევნილობაში მოექცა ეს ხატი. მინდა, ერთი რამ ახლა ქართველ საზოგადოებას, ქართველ ე.წ. პოლიტიკოსებს, თქვენ ჟურნალისტებს გითხრათ – გახარებულები ხართ? „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „რუსთავი 2“, სხვა დანარჩენები. შავი სიხარულით გიხარიათ? ხატი რომ მობრძანდება? მე გაოგნებული ვარ საერთოდ ჩვენი ე.წ. პოლიტიკური სპექტრის ქმედებით. გაოგნებული და შეძრული ვარ, ხატმებრძოლეობის მთელი ამ პროცესის ანალიზით რაც ხდება. ეს არის 21 საუკუნის ხატმებრძოლეობა, რასაც ჩვენ ახალა თვალს ვადევნებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული იყო მთელი პოლიტიკური სპექტრი. არამარტო სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ სახელისუფლებო ლიდერებიც კობახიძის შტო მთლიანად და ეს ხატის გადმობრძანება, რომ ხდება საერთოდ დიდად იშრომეს ამ ადამიანებმა, რათა ხატი გადმობრძანებულიყო, იმდენად გააფუჭეს და დააზიანეს ყველაფერი, მათი თვალსაწიერიდან ვამბობ ამას. ამასთანვე, ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ნაბიჯს, რაც ჩვენ გადავდგით, ძალიან ჩუმ და უპრეტენზიო ნაბიჯს ჩვენი ჩასვლით აფხაზეთში. მე თქვენ არ მომიწვევიხართ ენგურზე, როდესაც ხატს მივაბრძანებდი ილორის ტაძარში. პოლიტიკური ქულების ჩაწერა რომ მდომებოდა, აქ მოგიწვევდით ენგურის ხიდზე და თქვენ გადაიღებდით იმ ყველაფერს, მაგრამ მთელი ეს პროცესი დააზიანეს სააკაშვილ-ბოკერიებმა, მათთან მიბმულმა ენჯეოებმა, მათ მიერ კონტროლირებადმა მედიამ თბილისში. პლიუს კობახიძის ხაზმა, კობახიძის ხაზმა სუს-ში, აი პირდაპირ ვამბობ იმ მაღალჩინოსნებმა სუს-იდან, რომლებიც კავშირში არიან კობახიძესთან. ყველას სახელი და გვარი ვიცი, ყველას სათითაოდ გამხელთ. მინდა ყველას ვუთხრა, ღვთისმშობელს ვერავინ მოერევა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც დღეს მოვიდა ენგურის ხიდზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ივერიის ღვთისმშობელსაც ებრძოდნენ, რომელიც გაბრწყინდა, ახლა ილორის ღვთისმშობლის გაბრწყინების დრო მოდის.

„მე არ მწყდება გული აფხაზებზე, მე კიდევ ერთხელ ენგურის ხიდიდან აფხაზებს მინდა, მივმართო, ჩემო აფხაზო დებო და ძმებო, მე თქვენ მიყვარხართ. დღევანდელი ფაქტი ვერ გაგვაჩერებს ჩვენ, ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს შერიგების გზაზე. ჩვენ უახლოეს ხანში კიდევ გვაქვს დაგეგმილი ნაბიჯები, რაც სიხარულს მოუტანს აფხაზებს, სიხარულს მოუტანს ქართველებს და ოსებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.