ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნატო ჩხეიძე ფრაქცია „პატრიოტებში“ დარჩეს
ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნატო ჩხეიძე ფრაქცია „პატრიოტებში“ დარჩეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნატო ჩხეიძე ფრაქცია „პატრიოტებში“ დარჩეს. როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, პოლიტიკა ცოცხალი პროცესია და ამ ვითარებიდან ტრაგედია არ უნდა დაისახოს.

„ჩვენ რეალობას სხვაგვარად ვხედავთ, ნატო ჩხეიძე – სხვაგვარად. ის ამბობს, რომ არასათანადო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. მისი სუბიექტური აღქმა ასეთია, სადაოც არაფერია. თვალი არასდროს დაგვიხუჭავს და პარლამენტის ტრიბუნიდან ბიზნესის პრობლემებსა და ბევრ მწვავე თემაზე გვისაუბრია, მაგრამ ეს ამ ეტაპზე აქტუალური არ არის. აქტუალურია, რომ ჩვენი ფრაქცია შენაჩუნებულია, ნატო ჩხეიძემ ამ ეტაპზე პარტია დატოვა და კაპანაძე–ბოკერიას სიხარული ნაადრევი იყო.

პოლიტიკა ცოცხალი პროცესია და ამ ვითარებიდან ტრაგედია არ უნდა დავსახოთ. შევეცდებით, ფრაქცია შევავსოთ, თუ ნატო ჩხეიძე დატოვებს, მაგრამ ყველაფერი ხდება და შესაძლოა, საჭიროება არ გახდეს, ფრაქციიდან ნატო ჩხეიძე გავიდეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს.