ირმა ინაშვილი - ანრი ოხანაშვილს რომ ვუსმენდი, მეგონა, საფრანგეთის სენატში ვიჯექი
ირმა ინაშვილი - ანრი ოხანაშვილს რომ ვუსმენდი, მეგონა, საფრანგეთის სენატში ვიჯექი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ქართული სასამართლო სისტემისგან გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ სასამართლოებს ნუ დახატავს. დღვანდელ პლენარულ სხდომაზე, ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველომ სასამართლო სისტემის ეფექტიანობის თვალსაზრისით, ევროკავშირის ქვეყნებს გადაუსწრო, რომელთა შორისაა ესპანეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი საბერძნეთი და პოლონეთი.

„ანრი ოხანაშვილს რომ ვუსმენდი, მეგონა, საქართველოს პარლამენტში კი არა საფრანგეთის სენატში ვიჯექი. თურმე, ესპანეთისთვის და იტალიისთვის გაგვისწრია. გამიხარდება, რომ ჩვენი სასამართლო სისტემის რეფორმირება მოხდეს და ნაბიჯები პროგრესისკენ გადავდათ, თუმცა თქვენი სასამართლო სისტემის სახე – მურუსიძეა. დღევანდელი ქართული სასამართლოს კრიტერიუმად და საზომად მურუსიძე დატოვეთ. სხვათა შორის, არჩევნების დროს, თქვენს „ობიექტურ“ სასამართლოში არც ერთი საქმე ოპოზიციას არ მოუგია მაშინ, როცა თქვენს მიერ „რეფორმირებულ“ სასამართლოში გაყალბების ფაქტების უტყუარი მტკიცებულებები გვქონდა წარდგენილი. დღევანდელი სასამართლო მურუსიძის სასამართლოა და ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთეთ. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ სასამართლოს რეფორმირება შეუძლებელია, მაგრამ დღევანდელი ქართული სასამართლოსგან ნუ დახატავთ გერმანულ, ფრანგულ და თუნდაც იტალიურ სასამართლოებს. ამ თემასთან მიმართებაში შეჯიბრება არ გვინდა“, – მიმართა უმრავლესობის წევრებს ინაშვილმა.