ირმა ინაშვილი - ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, ვინც არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო, ჩვენი მხარდამჭერია
ირმა ინაშვილი - ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, ვინც არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო, ჩვენი მხარდამჭერია

ამომრჩეველთა 53%-ში, ვინც არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი მხარდამჭერია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„პირველ ტურში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია, რადგან სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი არ ვართ. ქალბატონ სალომესთან არანაირი პიროვნული დაპირისპირება, თუ სიმპათია-ანტიპათია არ არის. უბრალოდ, ჩვენ ასე ვთვლიდით საჭიროდ“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატით მანამ არ მიიღებს მონაწილეობას, ვიდრე საარჩევნო სისტემა და კოდექსი არ შეიცვლება.

„ჩვენი კანდიდატურის დაყენებაზე უარი იმიტომ არ გვითქვამს, რომ კონკურენციის გვეშინია. პარტიაში რამდენიმე კანდიდატის საკითხი განიხილებოდა და მათ შორის – პარტიის არაწევრი კანდიდატების, მაგრამ საქართველოში ისეთი პოლიტიკური ვითარება და საარჩევო სისტემაა, რომ ყოველ მომდევნო არჩევნებზე კანდიდატების მიმართ წნეხი უფრო და უფრო მატულობს. რამდენი კარგი და საინტერესო კანდიდატია, მაგრამ არ აკვირდებით, კანდიდატები კანდიდატურის დაყენებაზე უარს რომ ამბობენ?!“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო კამპანია, თავისი საინფორმაციო ელემენტებით, ისეთი ნეგატიური იყო, როგორიც არასდროს ყოფილა, ასეთი საინფორმაციო შტურმი ბოლო უნდა იყოს და ამაზე საზოგადოებამაც უარი უნდა თქვას, პარლამენტარებმა კი, კანონმდებლობის შეცვლაზე უნდა იფიქრონ.

„აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ თურმე, გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება. ეს არაფერ შუაში არ არის. ლაპარაკია იმაზე, რომ ჩემს ღირსებას და პიროვნების თავისუფლებას კონსტიტუცია იცავს. ამ არჩევნებში კი, სალომე ზურაბიშვილს ეს ყველაფერი ღიად, ცინიკურად შეულახეს. ეს დარტყმა მეც მივიღე, როცა 2016 წლის არჩევნებში ჩვენ წინააღმდეგ პირდაპირი შტურმი იყო. იყო „ფეიკები“, რაღაც გვერდები, იუმორისტული გადაცემები და მთელი ამბავი. ერთხელ და სამუდამოდ, ეს უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ინაშვილმა.

ინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, რუსეთის აგენტობის თემაც უნდა დაიხუროს, რადგან ეს სამარცხვინო გახდა და კომიკურ ჟანრში გადავიდა.

„ქართული ოცნების“ პიარჯგუფს ყურადღება იმაზე კი არ უნდა გაემახვილებინა, აგვისტოს ომი ვინ დაიწყო, არამედ იმაზე, სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფმა ახალგორი და კოდორი სამარცხვინოდ რომ ჩააბარა. ამის მიღება სწორედ რუსეთის ინტერესი იყო, რაც მათ ბოკერია-სააკაშვილმა დაუკმაყოფილა. ეს გარიგება იყო და „ქართული ოცნების“ პიარ ჯგუფს სწორედ ეს უნდა ეთქვა, ღალატი როგორ მოხდა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.