ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მისი თანდასწრებით გამართულ შეხვედრებზე უგულავასა და სხვა პირების გათავისუფლების საკითხს არც არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე არ დათანხმებიან
ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მისი თანდასწრებით გამართულ შეხვედრებზე უგულავასა და სხვა პირების გათავისუფლების საკითხს არც არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე არ დათანხმებიან

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ელჩების ინიციატივით შეხვედრები იმართებოდა კონკრეტულად საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე  და ამ შეხვედრებს ესწრებოდა ყველა საპარლამენტო და არა მარტო საპარლამენტო პარტია.

ამასთან, ინაშვილი ადასტურებს, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე „სააკაშვილის, ბოკერიას პარტიაც, მათ ირგვლივ გაერთიანებული სხვა პარტიებიც სხვა საკითხზე გადადიოდნენ“.

„ეს საკითხი ეხებოდა უგულავას გათავისუფლების საკითხს და არა მარტო უგულავას. ამ პარტიების წარმომადგენლები ასევე ითხოვდნენ პირად ხელშეუხებლობას, მაგალითად, ბატონი ბოკერია“, – აღნიშნა ინაშვილმა.

ამასთან, ინაშვილი ამბობს, რომ მისი თანდასწრებით ამ საკითხს არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე არ დათანხმებულან.

„მე ვადასტურებ იმას, რომ ჩემი თანდასწრებით, ამ საკითხს, ამ კომპონენტს არ დათანხმებულან არც არჩილ თალაკვაძე და არც ირაკლი კობახიძე, მაგრამ ეს შეხვედრები იმართებოდა არა მარტო ჩემი თანდასწრებით, არამედ ჩემ გარეშეც, მე ამასაც ვადასტურებ და ბოლოს, მე ვადასტურებ, რომ 8 მარტის შეხვედრაზე ნამდვილად იყო წარმოდგენილი შეთანხმება, რომლის პირველ პუნქტს, ცხადია, დავეთანხმე, რადგან ის საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხებოდა, მაგრამ მეორე პუნქტი იყო ძალზედ ბუნდოვანი. ამ მეორე პუნქტში სააკაშვილისა და ბოკერიას პარტიები, როგორც თვითონ ამბობდნენ, გულისხმობდნენ უგულავას და არა მარტო უგულავას გათავისუფლებას, „ქართული ოცნება“ აღნიშნავდა, რომ სულ სხვა რამეს გულისხმობს, მე ამ მეორე პუნქტს ხელი არ მოვაწერე. „ქართულმა ოცნებამ“ რატომ მოაწერა ხელი, ამაზე განმარტება თავად უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, მმართველი პარტია მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვს, ნათელი მოფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით მმართველ გუნდს პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება არ აუღია.