ირმა ჭკადუა - ძალადობა მიუღებელია, მაგრამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა
ირმა ჭკადუა - ძალადობა მიუღებელია, მაგრამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადეა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ადვოკატის განცხადებაშია აღნიშნული, მას იმედი აქვს, რომ  მოსამართლე გაითვალისწინებს იმ არგუმენტებს, რომელიც ფაქტებზეა დამყარებული.

„მეგობრებო, მსურს გამოვეხმაურო საქმეს, რომელსაც მოვკიდე ხელი როგორც იურისტმა და უფლებადამცველმა. არ დავიწყებ მტკიცებას და გამიჯვნას, თუ რას ვფიქრობ ოფიციალურ ბრალდებაზე. როგორც იურისტი და როგორც ქალი, ერთნაირად მიუღებელია ძალადობა და დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას, ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოძალადეა. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, რა თქმა უნდა, მაქვს დიდი იმედი, მოსამართლე გაითვალისწინებს იმ არგუმენტებს, რომელიც ფაქტებზეა დამყარებული. ვიცი, არსებობს მედიის დიდი ინტერესიც და არა ერთი ვერსიის მოსმენა მოუწევს საზოგადობას. თუმცა მერწმუნეთ, ძალიან მარტივად გაერკვევა სასამართლო საქმის მასალებში და დაადგენს საბოლოო ჭეშმარიტებას. ვიღაც იტყვის ალბათ, ადვოკატი აბა რას დაწერდა სხვასო, თუმცა, შემეძლო საერთოდ არც არაფერი დამეწერა, ერთადერთი მიზეზი, რამაც მაიძულა ამ პოსტის დაწერა, ეს არის ამ საქმის შიინარსი! სიამოვნებით გავასაჯაროებდი უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები“, – წერს ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა. 

ამასთან, დღეს განცხადება გაავრცელა ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმაც.

დატოვე კომენტარი