ირმა ჭკადუა - დარწმუნებული ვარ, შალვა თადუმაძე იქნება გარანტი, რომ პროკურატურა არასოდეს იყოს ისეთი მოძალადე, როგორიც წინა ხელისუფლების დროს
ირმა ჭკადუა - დარწმუნებული ვარ, შალვა თადუმაძე იქნება გარანტი, რომ პროკურატურა არასოდეს იყოს ისეთი მოძალადე, როგორიც წინა ხელისუფლების დროს

მთავარი კრიტერიუმი გახლდათ ის, რომ შალვა თადუმაძეს აღმოაჩნდა აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა, ვიდრე ზოგადად პროკურატურაში დღემდე არსებობდა, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა ირმა ჭკადუამ მთავარი პროკურორობის კანდიდატების კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შალვა თადუმაძის განსხვავებული ხედვა და გეგმები უკავშირდება მეტ გახსნილობასა და თითოეული პროკურორის დამოუკიდებლობას, რაც შეიძლება მეტ საკანონმდებლო ინიციატივას, რათა პროკურატურაში არ იყოს ის პრობლემები, რაც არსებობდა და რის გამოც ბევრი კითხვა არსებობს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბატონმა შალვა თადუმაძემ თქვა, ეს არის ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის ირგვლივ კითხვები. ყველამ ვიცით, რომ 52 ათასი საჩივარი არსებობს და მათთან დაკავშირებით მას აქვს აბსოლუტურად მკაფიო გზავნილი, სადაც შესაძლებელია, რომ კონკრეტული ადამიანების მიმართ აღდგეს სამართლიანიბა. ის ამის თაობაზე აუცილებლად ინფორმირებას მოახდენს, თითოეული მათგანის, თუკი შეუძლებელია კონკრეტული ადამიანების მიმართ აღდგეს სამართლიანობა, როგორც ეს მათ წარმოუდგენიათ, ის ამის შესახებ შეატყობინებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა თადუმაძემ, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ ებრძოდნენ სამართლიანობას, რა პრობლემები იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება გარანტი, რომ პროკურატურა არასოდეს იყოს ისეთი მოძალადე, როგორიც წინა ხელისუფლების დროს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შალვა თადუმაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭომ დღეს კენჭისყრის შედეგად შეარჩია. შალვა თადუმაძის კანდიდატურას ხმა კენჭისყრაში მონაწილე საბჭოს 12-ვე წევრმა მისცა. საბჭო 15 წევრისგან შედგება, მათგან ეკა ბესელია და ოთარ კახიძე სხდომას არ ესწრებოდნენ, თეა წულუკიანს კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.