ირმა ჭკადუა - ამ ეტაპზე, გახარია არ უნდა გადადგეს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ტესტი, როგორ ჩატარდება გამოძიება
ირმა ჭკადუა - ამ ეტაპზე, გახარია არ უნდა გადადგეს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ტესტი, როგორ ჩატარდება გამოძიება

მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, გახარია არ უნდა გადადგეს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი, რეალურად, როგორ ჩატარდება გამოძიება, – განაცხადა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ჩვენ გვახსოვს 26 მაისი, 7 ნოემბერი და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იწონებდნენ თავს უცხოელ პარტნიორებთან, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ გვახსოვს, რომ არც ერთი გამოძიება ბოლომდე არ მისულა და არც ერთი დასჯილი ადამიანი არ გვინახავს, მიუხედავად გვამებისა, დასახიჩრებული ადამიანებისა და ა.შ. ამიტომ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი, რა ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ვინაიდან ჩვენ ვთხოვთ პასუხს გახარიას და მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს. თუ გამოძიებით დადგინდება, რომ ინდივიდუალურ შემთხვევებში კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მისი თქმით, როდესაც კონსტიტუციურ წესრიგს საფრთხე ექმნება, ბუნებრივია, სახელმწიფო ადეკვატური უნდა იყოს.

„მოცემულ შემთხვევაში, იმ მომენტში, როცა პოლიციაზე შეტევა დაიწყო, ვფიქრობ, კონსტიტუციურ წესრიგს ცალსახად შეექმნა საფრთხე. ბოლო პერიოდში საფრანგეთში და საბერძნეთში იყო საპროტესტო აქციები და გვახსოვს, როგორ მოიქცა იქ პოლიცია. ასევე გვახსოვს, როგორ იქცეოდნენ ბრექსიტის მოწინააღმდეგეები და როგორ მოექცა მათ სახელმწიფო“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საზოგადოება არის მოლოდინში, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს, მაგრამ ისე გამოდის, პოლიტიკურ დღის წესრიგს დღესაც რეჟიმის წარმომადგენლები განსაზღვრავენ.

„ახალგაზრდებს ამოფარებული პოლიტიკოსები ცდილობენ, აურიონ აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესები. აბსოლუტურად ჯანსაღი იყო ის პროტესტი, რაც საზოგადოებას ჰქონდა. ახალგაზრდები ამ ყველაფერს ნამდვილად ჯანსაღად აპროტესტებდნენ, მაგრამ ეს ძალიან სხვანაირად შეიფუთა და სათავისოდ გამოიყენეს. ამ ყველაფერს ჩაეჭიდნენ და პოლიტიკური დღის წესრიგი დღეს უკვე მიდის ისე, როგორც მათ უნდათ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ირმა ჭკადუამ ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში რევანშით მოვიდა, არჩევნებისთვის მზად ახლაც არ არის და უნდათ, ხელისუფლებაში გადატრიალებით და ამ მეთოდებით მოვიდნენ.