ირლანდიის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპს შეხვედრისას განუცხადა, რომ „ომისა და გენოციდის ნორმალიზაცია“ მიუღებელია
ირლანდიის პრეზიდენტმა, კეტრინ კონოლიმ შეხევდრაზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ „ომისა და გენოციდის ნორმალიზაცია“ მიუღებელია.
„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ომისა და კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. ეს ორი მოვლენა კი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მე გამოვხატე ირლანდიელი ხალხის მტკიცე პოზიცია, რომ ომისა და გენოციდის ნორმად ქცევა არასდროს უნდა იქნას მიღებული. როგორც ქვეყანამ, რომელმაც გამოიარა შიმშილი, კოლონიზაცია და „უბედურებების“ პერიოდის ძალადობა, მაგრამ, ამავდროულად, გააცნობიერა მშვიდობისკენ მიმავალი ხანგრძლივი და რთული გზის მნიშვნელობა, ხაზი გავუსვი იმ უნიკალურ ხედვას, რომლის შეტანაც ირლანდიელ ხალხს კონფლიქტების მოგვარების პროცესში შეუძლია“, – აღნიშნულია ირლანდიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირლანდიის პრეზიდენტმა ასევე უთხრა ამერიკის ლიდერს, რომ ირლანდიელი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ყველას, ვინც მთელ მსოფლიოში მშვიდობისთვის იბრძვის.
ტრამპი ირლანდიაში ვიზიტით ჩავიდა. ის დუბლინში ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდა, შემდეგ კი დუნბეგში, თავის გოლფის კლუბში გაემგზავრა, სადაც ირლანდიის ღია პირველობა იმართება.