ირლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ქართველებისა და ალბანელების გამო იზრდება
ირლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ქართველებისა და ალბანელების გამო იზრდება

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ქართველებისა და ალბანელების გამო იზრდება. ამის შესახებ განცხადება ლეო ვარადკარმასანდეი ინდეპენდენტთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, ალბანეთისა და საქართველოს მოქალაქეები ირლანდიაში ყალბი დოკუმენტებით ჩადიან.

ვარადკარის განცხადებით, ბოლო წლებში ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 60 პროცენტითა არის გაზრდილი. ამავე დროს, ირლანდიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ „მიუხედავად ამ მატებისა, ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა ზღვარგადასული რაოდებობა არ ფიქსირდება“.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიგრანტებმა ირლანდიაში ჩასასვლელად კანონიერ გზებს უნდა მიმართონ, ხოლო „არალეგალური მიგრაცია დაუშვებელია“.

როგორც ირლანდიური მედია წერს, 2018 წელს ირლანდიაში თავშესაფარი 450-მა ქართველმა მოითხოვა, რაც თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობის 12 პროცენტია.

ეს განცხადებები ირლანდიის მთავრობის მეთაურმა, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. კითხვა კი, აკილის კუნძულზე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრის მშენებლობის გეგმას და ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ეხებოდა.

პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკარის  განცხადებაზე ირლანდიური მედიასთან კომენტარი გააკეთა ირლანდიაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზურაბიშვილმა.

„აირიშ თაიმსთან” ინტერვიუში ზურაბიშვილი ამბობს, რომ „საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მოქალაქეებს სამშობლოში პოლიტიკური დევნა არ ემუქრებათ“. ამავე დროს, ქართველი დიპლომატი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ირლანდიის ხელისუფლებასთან, რათა „საქართველოს მოქალაქეები ირლანდიაში უკანონოდ ვერ მოხვდენენ“.

დატოვე კომენტარი