ირლანდიაში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა
ირლანდიაში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

დუბლინში ყოველწლიური სემინარი „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ავსტრიის საელჩოს ევროპარლამენტის საინფორმაციო სამსახურის, ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, აკადემიური წრეების, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ, ევროპული ინტეგრაციის კუთხი საქართველოს მიღწევებსა და წარმატებებს გაცნობოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას ირლანდიაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა,  გიორგი ზურაბაშვილმა აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციაზე  ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში საუბარი, განსაკუთრებით ევროპარლამენტარების მონაწილეობით.

პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებელი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა იყო. მან დამსწრე საზოგადოებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმირების პროცესში საქართველოს წარმატებები გააცნო. მიღწეულ პროგრესთან ერთად, დეპუტატმა აქცენტი ქვეყნის სამომავლო გეგმებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს რეფორმების განხორციელებას.

„საქართველო აღიარებულია, როგორც ჩვენს რეგიონში მთავარი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირისთვის. ამ სტატუსის მოპოვებას ხელი შეუწყო იმან, რომ საქართველო თანმიმდევრულად ასრულებს ყველა იმ საერთო პრიორიტეტს, რომელიც ჩვენ ერთად დავსახეთ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

თამარ ხულორდავამ მიწვეულ სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც გააცნო, რომელიც ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გადამწყვეტ როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

ღონისძიების საპატიო სტუმარი და თანამომხსენებელი იყო ევროპარლამენტარი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი  და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრი კლერ მუდი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლერ მუდის განცხადებით, საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში ევროპული ღირებულებების ერთგულების კუთხით, საქართველოს ისტორია, კულტურა ისევე, როგორც ქართველი ხალხი, არის ევროპის ნაწილი. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო  ევროკავშირის მხრიდან კიდევ  უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს.

ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მეორე გენერალური მდივანი რორი მონტგომერი, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის გენერალურიდირექტორი ბარი ენდრიუსი, ავსტრიის ელჩი ჰელმუთ ფროიდენშუსი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი და ევროპის პარლამენტის ეკონომიკური და მონეტარული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ბრაიან ჰეიესი. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს „აღმოსავლეთ პარტნიორობით“ გახსნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას მოსახლეობისთვის მეტი კონკრეტული სარგებლის მოტანის მიზნით.

გამომსვლელთა მოხსენებების შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

დისკუსიის პარალელურად კი, ევროპის სახლში ფოტოგამოფენა „საქართველოს ისტორიის ევროპული ფურცლები“ გაიმართა.