ირლანდიაში აბორტის რეგულაციების რეფორმირების თემაზე რეფერენდუმი გაიმართება
ირლანდიაში აბორტის რეგულაციების რეფორმირების თემაზე რეფერენდუმი გაიმართება

ირლანდიის მთავრობა თანახმაა, მაისის ბოლოს ქვეყანაში აბორტის მკაცრი აკრძალვის რეფორმირების შესახებ რეფერენდუმი გამართოს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ირლანდიაში აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ორსულობა ქალის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. გაუპატიურების, ინცესტის ან ნაყოფის ანომალიების შემთხვევაში აბორტი აკრძალულია.

რეფორმირების შესახებ კამპანიის წარმოების პირობა დადო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

ბიულეტენში არ იქნება შეკითხვა რაიმე სპეციფიკურ ჩანაწერებზე ან ახალ კანონზე. რეფერენდუმი შეეხება საკითხს, უნდა შენარჩუნდეს თუ გაუქმდეს კონსტიტუციის 40.3.3 მუხლი, რომელიც მერვე შესწორების სახელითაა ცნობილი.

ეს შესწორება 1983 წლის რეფერენდუმით მიიღეს და ის მუცლადმყოფის სიცოცხლის უფლებას შეეხება. ამ შესწორების მიხედვით, ქალისა და მისი მუცლადმყოფი ბავშვის სიცოცხლე თანაბარმნიშვნელოვნადაა მიჩნეული.

რეფერენდუმის გამართვის კონკრეტულ დღეს ირლანდიის პარლამენტი დაადგენს.