ირლანდიაში აბორტის ლიბერალიზაციის ახალი კანონი ამოქმედდება
ირლანდიაში აბორტის ლიბერალიზაციის ახალი კანონი ამოქმედდება

ირლანდიაში აბორტის შესახებ ახალი კანონი წლის ბოლოს ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა გააკეთა. ახალი კანონის მიხედვით, აბორტის გაკეთება ქალებს ორსულობის პირველი 12 კვირის და განსაკუთრებულ შემთხვევებში 24 კვირის განმავლობაშიც შეეძლებათ.

ახალ კანონპროექტს ირლანდიის მთავრობის წევრებს ჯანდაცვის მინისტრი წარუდგენს.

მანამდე, ირლანდიაში აბორტის შესახებ კანონის ლიბერალიზაციის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართა. შედეგად მოქალაქეების 66.4 პროცენტმა მხარი კანონმდბლობის შემსუბუქებას დაუჭრია, წინააღმდეგი იყო 33,6 პროცენტი.

ირლანდიაში აბორტის შესახებ მკაცრი კანონი 1983 წელს მიიღეს. კონსტიტუციაში შეტანილი მერვე შესწორება დედისთვის და ნაყოფისთვის თანაბარ უფლებებს ადგენდა. ამის გამო, ათასობით ირლანდიელი ქალი აბორტის გასაკეთებლად დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა.

აბორტის მოწინააღმდეგეებმა რეფერენდუმის შედეგებს ტრაგედია უწოდეს და განაცხადეს, რომ საავადმყოფოებთან საპროტესტო აქციებს გამართავენ.