ირლანდია „მწვანე სიაში“ მყოფი ქვეყნების მოქალაქეებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას 20 ივლისიდან გეგმავს
ირლანდია „მწვანე სიაში“ მყოფი ქვეყნების მოქალაქეებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას 20 ივლისიდან გეგმავს

ირლანდია „მწვანე სიაში“ მყოფი ქვეყნების მოქალაქეებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას 20 ივლისიდან გეგმავს. ინფორმაციას ამის შესხებ სააგენტო „როიტერი“ ირლანდიის ტრანსპორტის მინისტრზე იმონ რაიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ე.წ. მწვანე სია გამოქვეყნდება 20 ივლისს ან მანამდე“, – განაცხადა იმონ რაიანმა.

თავდაპირველად, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეზღუდვების მოხსნას ირლანდია 9 ივლისიდან გეგმავდა, თუმცა საზღვრების გახსნა 20 ივლისისთვის გადაიდო.

ირლანდიის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, კარანტინის გავლის ვალდებულება გაუქმდება იმ ქვეყნებიდან ჩასული პირებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ირლანდიის მსგავსი ან უკეთესია. ამასთან, ირლანდიის მთავრობა კვლავ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, შვებულება სახლში გაატარონ.

ირლანდიაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 25 498 შემთხვევა, გარადაცვლილია 1 740 ადამიანი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.