ირინე ობოლაძე - ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მდგომარეობა სახალხო დამცველის მიერ შეფასებულია, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი
ირინე ობოლაძე - ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მდგომარეობა სახალხო დამცველის მიერ შეფასებულია, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მდგომარეობა სახალხო დამცველის მიერ შეფასებულია, როგორც არაადამიანურ და ღირსების შემლახავ პირობებში ცხოვრება, – ამის შესახებ ომბუდსმენის შშმ პირთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ირინე ობოლაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ფსიქიატრიის სფეროში, შეიძლება ითქვას, სისტემური პრობლემებია. წლებია, სახალხო დამცველი ამ პრობლემებზე საუბრობს. მათ შორის, სტაციონარებში ინფრასტრუქტურული პრობლემებიც არის; ასევე არის დაფინანსების პრობლემა; მნიშვნელოვანია, არსებობდეს სტაციონარის გარე სერვისები, მათ შორის – თავშესაფრის კომპონენტი; ბავშვთა ფსიქიატრიის ნაწილში, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ათი საწოლია გათვალისწინებული, რაც ბუნებრივია, საკმარისი არ არის და მშობლებს ბავშვების რეგიონებიდან თბილისში ჩამოყვანა ხშირად უხდებათ; არის პერსონალის, ძირითადად, ფსიქიატრების ნაკლებობა; არ არსებობს დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალის ადეკვატური, მძიმე შრომის პირობების შესაბამისი ანაზღაურება და ა.შ“, – განაცხადა ობოლაძემ.

მისი თქმით, სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი პაციენტების მესამედი იქ მხოლოდ იმიტომ არის, რომ ოჯახის წევრები მათ სახლში წაყვანაზე უარს აცხადებენ, ან საცხოვრებელი არ გააჩნიათ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიზარდოს საზოგადოებაში ტოლერანტობის განცდა და როგორია სახალხო დამცველის რეკომენდაციები, ირინე ობოლაძემ განაცხადა, რომ ცნობიერების ამაღლება ბავშვობის ასაკიდან, საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს.

„სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა მაგალითად, აუტისტური სპექტრის მქონე ან მენტალური, ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვები თუ მოზრდილები გარიყული არიან. თანატოლები მათ მიმართ ტოლერანტულები იქნებიან, თუ თავიდანვე ვასწავლით, რომ ეს ბავშვები ისეთივე უფლებების მატარებლები არიან, როგორიც დანარჩენი, ტიპური განვითარების ბავშვები. ამ ყველაფერს საფუძველი ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან უნდა ჩაეყაროს და ასეთ თემებზე ინფორმაციის მიწოდება საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ირინე ობოლაძემ.

დატოვე კომენტარი