ირინა წეროძე - ოქტომბრიდან დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართული კომპანია პრაქტიკანტ სტუდენტს დამოუკიდებლად შეარჩევს
ირინა წეროძე - ოქტომბრიდან დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართული კომპანია პრაქტიკანტ სტუდენტს დამოუკიდებლად შეარჩევს

ოქტომბრიდან ე.წ. დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართული კომპანია დამოუკიდებლად გადაწყვეტს, სტუდენტი საწარმოო პრაქტიკაზე აიყვანოს თუ არა. სტუდენტს დამატებითი ტესტირების გავლა აღარ დასჭირდება, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში საქართველოში დასაქმების პრობლემა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რამდენად დიდი როლი აქვს პროფესიულ განათლებას დასაქმების კუთხით. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საწარმოო პრაქტიკაზე დაფუძნებული ე.წ. დუალური პროფესიული განათლების მნიშვნელობას, რომელიც ორი წლის წინ დაინერგა და ერთის მხრივ დამსაქმებელს სასურველი კადრის მომზადებაში ეხმარება, მეორე მხრივ, კურსდამთავრებულის დასაქმებას ამარტივებს.

წეროძემ აღნიშნა, რომ თუ ორი წლის წინ დუალ პროგრამებში დაახლოებით ექვსი კომპანია იყო ჩართული, დღეის მდგომარეობით ასეთი კომპანიების რიცხვი არის 50, რადგან კერძო სექტორმა პროფესიული განათლების ამ მოდელის მნიშვნელობა გააცნობიერა. მისივე თქმით, ოქტომბრიდან კომპანიებს პრაქტიკანტების შერჩევისას მეტი დამოუკიდებლობა მიეცემათ. 

„არის სიახლე. ოქტომბრის მიღებისთვის, როცა რეგისტრაციას გამოვაცხადებთ, ესეც ცნობილი გახდება. ეს არის სტუდენტის შერჩევის ნაწილში დამსაქმებლისთვის მეტი ავტონომიის მიცემა. თუკი აქამდე დამსაქმებელი არჩევდა სტუდენტს და მერე სტუდენტი ცენტრალიზებულ ტესტირებას გადიოდა, წელს ჩვენი ინიციატივაა, რომ დამსაქმებელმა სტუდენტის შერჩევაზე სრული ავტონომია და პასუხისმგებლობა აიღოს და სტუდენტი ტესტირებას აღარ გაივლის“, – განმარტა წეროძემ.

მისი ინფორმაციით, დამსაქმებლები პროფესიული განათლებაში ორ მიმართულებით იქნებიან ჩართული – დუალურ პროგრამებში მონაწილეობა და გადამზადება.

„დამსაქმებლების საჭიროების მიხედვით, მათი ჩართულობა პროფესიულ განათლებაში ორგვარი იქნება: ერთი დუალური განათლება და მეორე გადამზადების ნაწილი. ნებისმიერი, კერძო იურიდიული პირი შეიძლება გახდეს მოკლევადიანი გადამზადების კურსის განმახორციელებელი და მიიღოს სახელმწიფოს დაფინანსება. უბრალოდ, მან ამისთვის ე.წ. ლიცენზია უნდა მიიღოს და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს, რაც მის მფლობელს ორგვარად შეუძლია გამოიყენოს. ამ სერტიფიკატებს აქვს კრედიტები და მის მფლობელს შეუძლია, სწავლა გააგრძელოს ან მისი სერტიფიკატი აღიარებული იქნება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა წეროძემ.