ირინა ვერეშჩუკი - ვფიქრობ, ჩვენი ფრაქციის 70-პროცენტიანი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას არ აქვს, მე მაგალითად თავს შევიკავებ
ირინა ვერეშჩუკი - ვფიქრობ, ჩვენი ფრაქციის 70-პროცენტიანი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას არ აქვს, მე მაგალითად თავს შევიკავებ

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის, იმუშაოს მსოფლიოს სავალუტო ფონდთან, ასევე სხვადასხვა სახის რეფორმებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა იმის თქმა, რომ მან შეძლო ჩემი და ფრაქციის დარწმუნება, არ შემიძლია, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკიმ საქართველოს პირველ არხს  განუცხადა.

უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურაზე  დღეს უკრაინის რადაში, ფრაქციის სხდომაზე იმსჯელებს და მიხეილ სააკაშვილის ხედვა მოისმენეს.

„შეხვედრა იყო კონსტრუქციული. ჩვენ დავსვით კითხვები, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილმა პასუხები გასცა. კითხვები ეხებოდა მის პირველ ნაბიჯებს ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, თუ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მზად არის, იმუშაოს მსოფლიოს სავალუტო ფონდთან, ასევე სხვადასხვა სახის რეფორმებზე და მნიშვნელოვან საკითხებზე. თუმცა იმის თქმა, რომ მან შეძლო ჩემი და ფრაქციის დარწმუნება, არ შემიძლია“, – განაცხადა დეპუტატმა.

ირინა ვერეშჩუკის თქმით, ფიქრობს, რომ სააკაშვილს ფრაქციაში ხმების საჭირო რაოდენობა არ ექნება.

„ჩვენ ასეთი წესი გვაქვს, ფრაქციის ჩატში, ვაწყობთ წინასწარ კენჭისყრას და თუ ამ კენჭისყრაზე გასულ საკითხზე 70% განაცხადებს თანხმობას, ამას მთელი უმრავლესობაც იზიარებს, ფრაქციის შიგნით უმცირესობა ეთანხმება უმრავლესობას. მე ვფიქრობ, რომ 70 პროცენტიანი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას არ აქვს. მე მაგალითად თავს შევიკავებ. მიმაჩნია, რომ ეს თანამდებობა ახლა საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება. შეხვედრაზე ჩვენ ვიკითხეთ, ხომ არ შეუშლიდა მას ამ თანამდებობაზე მუშაობისას ხელს ის, რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, რადგან იყო უკვე შემთხვევები, როცა მიხეილ სააკაშვილი ძირითადად უფრო პოლიტიკური საკითხებით იყო დაკავებული, ვიდრე მაგალითად ოდესის ოლქით. მან ამ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ შეეცდება იყოს აპოლიტიკური და არ მოახდენს გავლენას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე. მან თქვა, რომ ის ასევე არ აპირებს გავლენა მოახდინოს საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე, რადგან მისივე თქმით, ხალხი სააკაშვილის პარტიას მხარს ისედაც უჭერს“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკიმ.