ირინა ნაცვლიშვილი - გამოხმაურებებიდან გამომდინარე, „ტელესკოლამ“ მოლოდინს გადააჭარბა
ირინა ნაცვლიშვილი - გამოხმაურებებიდან გამომდინარე, „ტელესკოლამ“ მოლოდინს გადააჭარბა

სჯობს, გაკვეთილები საკლასო ოთახებში ტარდებოდეს, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, ჩვენი პედაგოგიური კოლექტივი წარმატებით ახერხებს, ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს, – ამის შესახებ „ტელესკოლის“ პედაგოგმა, ირინა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რასაკვირველია, უმჯობესია, გაკვეთილები საკლასო ოთახებში ტარდებოდეს. ამას ბევრი მიზეზი აქვს არა მარტო სწავლების თვალსაზრისით, არამედ სოციალიზაციის, ურთიერთობების კუთხით. დისტანციური სწავლების ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ მოსწავლეებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება არ ეძლევათ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგებისა და მოსწავლეების ურთიერთობასაც“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა დღეს სკოლებს გაცილებით მეტი გამოცდილება, რესურსი და შესაძლებლობა, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე ჰქონდათ, ირინა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მასწავლებლებმა დისტანციურ სწავლებას საკმაოდ კარგად აუღეს ალღო.

„პედაგოგიური კოლექტივისთვის დისტანციური სწავლება გაცილებით რთული იყო, რადგან შრომამ მოიმატა, მაგრამ მასწავლებლებმა საკმაოდ კარგად აუღეს ალღო და შემიძლია, ზოგიერთის სკოლის მაგალითზე ვთქვა, რომ დისტანციური სწავლების არც ერთი გაკვეთილი არ გამცდარა. მოსწავლეებმაც მშვენივრად აუღეს ალღო, როგორ უნდა აიტვირთოს დავალებები და როგორ უნდა დაუბრუნოს მასწავლებელმა უკუკავშირი. შესაბამისად, მეტი გამოცდილება დაგროვდა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეკითხვაზე, შეცვლის თუ არა ხარისხობრივად წლევანდელ გამოცდებს ის ფაქტი, რომ აბიტურიენტებს სწავლა სამი თვის განმავლობაში განსხვავებულ რეჟიმში მოუწიათ, ირინა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ წლევანდელი გამოცდები ხარისხობრივად არ შეიცვლება.

„მოგეხსენებათ, მათ უტარდებოდათ დისტანციური გაკვეთილები. მართალია, დისტანციური სწავლებისას უფრო ნაკლები დრო მიმდინარეობდა გაკვეთილი, კომპიუტერული ჩართვიდან გამომდინარე, მაგრამ განათლების სამინისტრომ ძალები არ დაიშურა, რომ აბიტურიენტებისთვის ეს დანაკლისი შეევსო „ტელესკოლით“, ვებსკოლით და ასე შემდეგ. ასე რომ, არ მგონია, წლევანდელი გამოცდები ხარისხობრივად შეიცვალოს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, „ტელესკოლა“ იყო იმაზე მეტი, ვიდრე ალბათ, ორგანიზატორები ელოდნენ.

„იმიტომ, რომ ეს იყო სრულიად არაორდინალურ პირობებში დაგეგმილი, ძალიან უცებ განხორციელებული პროექტი, რომელმაც გამოხმაურებებიდან გამომდინარე, ალბათ, მოლოდინსაც გადააჭარბა. ვფიქრობ, ეს საკმაოდ ნაყოფიერი იყო“, – განაცხადა ირინა ნაცვლიშვილმა.