ირინა გერაშენკო - პოლიტიკოსები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას, პასუხისმგებელნი არიან უკრაინელების მკვლელობაზე
ირინა გერაშენკო - პოლიტიკოსები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას, პასუხისმგებელნი არიან უკრაინელების მკვლელობაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრი, უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი ირინა გერაშენკო აცხადებს, რომ ის 188 პოლიტიკოსი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას, ახლა პასუხისმგებელნი არიან დონბასსა და ყირიმში უკრაინელების მკვლელობასა და პოლიტპატიმრების დამცირებაზე. ასე გამოეხმაურა ირინა გერაშენკო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ სასანქციო პროცედურის შესახებ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.

„სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების სასარგებლოდ კენჭისყრა მოსალოდნელი იყო. ამ ორგანიზაციის 118 დეპუტატმა ხმა მისცა იმას, რომ რუსეთმა გადაიხადოს საწევრო და არ შეასრულოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები. ფული მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე პრინციპები. ახლა ეს 118 პოლიტიკოსი პასუხისმგებელია დონბასსა და ყირიმში უკრაინელების მკვლელობებზე, პოლიტპატიმრების დამცირებაზე. სიმბოლურია, რომ ეს საშინელი რეზოლუცია ევროსაბჭომ 25 ივნისს მიიღო – იმ დღეს, როდესაც რუსულმა მხარემ უნდა გაათავისუფლოს ჩვენი მეზღვაურები, რადგან ტრიბუნალმა კრემლს ტყვეების გასათვაისუფლებლად სწორედ ერთი თვე მისცა. თუმცა ეს არ მომხდარა“, – განაცხადა ირინა გერაშენკომ.

ირინა გერაშენკომ ასევე მადლობა გადაუხადა იმ 62 პოლიტიკოსს, რომლებმაც, მისი თქმით, „ამ სირცხვილის“ წინააღმდეგ მისცეს ხმა, მათ შორის ქართველ, ბრიტანელ და ბალტიელ კოლეგებს.

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.