ირინა ფუტკარაძე - მიმაჩნია, რომ ევროპაში გვქონდეს ბიურო და როტაციულად, თემატურად გავუშვათ ჟურნალისტები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ირინა ფუტკარაძე მომხრეა, ევროპაში კორესპონდენტებმა როტაციული პრინციპით, თემატურად იმუშაონ.

ირინა ფუტკარაძემ ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც, ბრიუსელის ბიუროსთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილების შესახებ ისაუბრეს.

პესონიფიცირებას არ გავაკეთებ, ხშირად მიწევს ყოფნა ბრიუსელში, სტრასბურგში და ა.შ. მაგალითად, ბრიუსელში, რაღაც შეხვედრებზე „რუსთავი 2“-ის კამერა ყოველთვის არის ხოლმე. მქონია შემთხვევა, გამიხედავს, „რუსთავი 2“ სულ იქ არის და პირველი არხი არ ყოფილა.

ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც, რაღაც არ მოგვწონს და დაიხუროს ის ბიუროა, თუ ნაქირავები რაღაც. მიმაჩნია, რომ გვქონდეს იქ და როტაციულად, თემატურად გაუშვით ჟურნალისტები, უფრო მოქნილები, ყველა დაამყარებს კონტაქტებს – სამჯერ რომ ჩახვალ, მეოთხეჯერ დაამყარებ კონტაქტს. კიდევ მინდა რაღაცის თქმა და საჯაროდ არ ვიტყვი, მერე ვიტყვი“, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ირინა ფუტკარაძეს მიმართა და განუცხადა, რომ ევროპაში ბიურო გაძლიერდება.

„თუ ვლაპარაკობთ ოფისებზე, ჯერ ადრე ვართ ოფისებიდან, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ ბიუროზე, როგორც ვირტუალურზე, ამას ვაკეთებთ და ვაძლიერებთ. ბიურო წერია ჰაერში და სინამდვილეში არის ბინა, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი. ჩვენ ყველა თუ ვთანხმდებით, რომ უნდა გავაძლიეროთ, გეუბნებით, რომ ვაძლიერებთ, სხვანაირად როგორ შეიძლება, დავმალავთ ამ ფულს, თუ მონღოლეთში ვივლით.

ქირაობაზე მინდა გითხრათ, ახლა თქვენ რა გგონიათ, რომ სულ სასტუმროში დავდივართ? ხანდახან ბინას ვქირაობთ. მაგალითად, სპორტი რომ იყო, ბინას ქირაობდა. ეს არის ისეთი საკითხი, ბინას იქირავებ, სასტუმროში იქნები, თუ მეგობართან მიხვალ, რა მნიშვნელობა აქვს.

ოფისის გახსნაზე თუ ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი შორეული ფიქრი. მიდის სიტყვების თამაში, რომ თითქოს ჩვენ რაღაც ბიურო ოფისი დავხურეთ. ოფისის გახსნა ჯერ ადრეა ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, მაგრამ თანდათან ჯგუფებიც უნდა გაიწვრთნას, ადამიანებიც მიეჩვევიან, დადგება ჩვენი დრო და გაიხსნება. სად გაიხსნება პირველი ბიურო, ოფისი, ახლა ძნელია ამის ლაპარაკი. აშშ-ში გავხსნით იმ ოფისს თუ ბრიუსელში, პარიზში თუ ბერლინში, ჩვენ ჯერ ასეთ ოფისს ვხსნით ბათუმში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.