ირინა ფუტკარაძე გიგა ბოკერიას - საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხმა არ გაქვთ ამოსაღები, ისეთ სიბინძურეებს აკეთებდა იქ თქვენი ხელისუფლება
ირინა ფუტკარაძე გიგა ბოკერიას - საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხმა არ გაქვთ ამოსაღები, ისეთ სიბინძურეებს აკეთებდა იქ თქვენი ხელისუფლება

თქვენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საერთოდ ხმა არ გაქვთ ამოსაღები, რადგან თქვენი ხელისუფლება იყო, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯიბეში ჰქონდა , – ასე მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირინა ფუტკარაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრს, გიგა ბოკერიას.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში განიხილეს და ექვსი მომხრე ხმით მხარი დაუჭირეს.

ირინა ფუტკარაძის პასუხი მოჰყვა გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ტელევიზიად გარდაიქმნა“.

„მე კითხვა მაქვს, ნუ ღელავთ, არც შეურაცხყოფილი ვარ თქვენგან, არც არაფერი. ვწუხვარ, რომ თქვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად გარდაქმნაში ვერ ხედავთ ტრაგედიას. მომავალზე ვისაუბროთ. ვიზიარებ იმას, რომ რეიტინგი არ არის მთავარი კრიტერიუმი, ამაში ვასილ მაღლაფერიძე ძალიან ცდებოდა და გამოიყენა ეს კამპანიისას სხვების წინააღმდეგ. მე მეგონა, თქვენც იგივე პოზიციაზე იყავით, მაგრამ როგორც ჩანს, არა. დეპუტატების საქმე არ არის სარედაქციო შინაარსზე კორექტირების მოთხოვნა, მაგრამ რადგან გადასახადელების გადამხდელების ფული იხარჯება, თქვენი როგორც ბორდის წარმომადგენლის პოზიცია საინტერესოა ჩვენთვის იმაზე, რასაც ვხედავთ”, – მიმართა გიგა ბოკერიამ ირინა ფუტკარაძეს.

როგორც ირინა ფუტკარაძეს პასუხისას აღნიშნა, სირცხვილია, როდესაც გიგა ბოკერია საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბრობს.

„თქვენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საერთოდ ხმა არ გაქვთ ამოსაღები, რადგან თქვენი ხელისუფლება იყო, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯიბეში ჰქონდა. თქვენი ხელისუფლება ისეთ სიბინძურეებს აკეთებდა, რომ ძალიან სირცხვილია, თქვენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბრობდეთ. სახელმწიფო ტელევიზია თქვენ გქონდათ, როდესაც თქვენ საქმიანობდით, დღეს ეს ის ტელევიზია აღარ არის, რომელიც თქვენ ჯიბეში გქონდათ ჩადებული“, – აღნიშნა ირინა ფუტკარაძემ.

ამასთან, გიგა ბოკერიამ პირველი არხის გადაცემა „42°პარალელზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ გადაცემაში თანაავტორი საუბრობდა იმაზე, თუ როგორ არის რუსეთის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია სკრიპალის მოწამვლის დაბრალება რუსეთზე, რათა გაამართლონ დასავლეთის აგრესია სირიაში.

“მიმაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლება ყველას აქვს, უმრავლესობაში გვყავს პრორუსული ძალები, მაგრამ თქვენ როგორ აფასებთ ჩვენი საერთო ფულით ამ სარედაქციო ხაზის გატარებას”, – მიმართა კითხვით დეპუტატმა ირინა ფუტკარაძეს.

ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტებში ნათლად არის გაწერილი საგარეო კურსი, რაც უკავშირდება ნატო-სა და ევროკავშირს.

„ეს გადაცემა სპეციალურად ვნახე და იქ ჩვენ მედიაექსპერტებთანაც გვქონდა შეხვედრა. საბოლოოდ გამოიკვეთა ის, რაც თქვენ გაღელვებთ, რაც “მედიაჩეკერმა” ანალიზის სახით დადო, ეს იყო მცდარი და არასწორი ინფორმაცია. ძალიან რთულია დაეყრდნო მარტო იმ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა პროექტებში მუშაობენ და აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი. ბუნებრივია, როცა რუსეთზეა საუბარი, ბერლუსკონის ფოტოს ვერ ჩასვამენ. თქვენ ახალა შეცდომაში გინდათ შეიყვანოთ საზოგადოება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აკეთებს ისეთ გადაცემას „42°პარალელიის“ ფარგლებში, რომ მას აქვს რუსული ორიენტაცია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. შეიძლება პოლიტიკაში და დიპლომატიაში არავინ გაჯობოთ, მაგრამ როცა არ იცით ტელევიზია შეიძლება, რომ ცოტა მეტად სიღრმისეულად შეისწავლოთ”, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი პირველ არხზე გადაცემების დახურვის საკითხითაც დაინტერესდა, რაზეც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიგა ბოკერიას კითხვით მიმართ – მისი ინფორმაციით რამდენი გადაცემა დაიხურა პირველ არხზე.

“რამდენი გადაცემა დაიხურა საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილებით. გთხოვთ, მითხრათ, ბატონო გიგა, რამდენი გადაცემა დაიხურა. გადაცემებს თქვენ არ უყურებთ, 24 საათი ცდილობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაცია მოახდინოთ”, – მიმართა ირინა ფუტკარაძემ დეპუტატს.

“არ ვიცი ზუსტი ციფრი”, – აღნიშნა ბოკერიამ.

„ერთი გადაცემა დაიხურა. ნებისმიერი კითხვაზე შემიძლია გიპასუხოთ და კომუნიკაციისთვის მზად ვარ. მე დროებით ვასრულებ ხელმძღვანელის მოვალეობას. მერე, როდესაც დავუბრუნდები და გავხდები რიგით წევრი დაიმახსოვრეთ კარგად, მე ვიქნები რიგით წევრი, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაციაზე დაიწყებს მუშაობას, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მედიაქსპერტების გარკვეული ნაწილი, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, მე დავიწყებ მათ წინააღმდეგ ბრძოლას. მარტო ამ კატეგორიას არ მიუწვდება ხელი საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენ ასევე მიგვიწვდება ხელი, განსაკუთრებით მე, რადგან დღემდე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ფარგლებში ვმოქმედებ. თქვენ პოლიტიკოსები ხართ და გინდათ ქულები ჩაიწეროთ და ვიღაც საზოგადოება იტყვის, აი, მე ფულს ვიხდი. ერთ გადაცემაა დახურული და ამაზე არ უნდა ახდენდეთ აპელირებას”, – განაცხადა ფუტკარაძემ.