ირინა ფრუიძე - ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების კუთხით რეგიონში ვარსკვლავია
ირინა ფრუიძე - ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების კუთხით რეგიონში ვარსკვლავია

ევროპარლამენტარები საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და პროგრესს მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების კუთხით რეგიონში ვარსკვლავია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირინა ფრუიძემ განაცხადა.

როგორც ირინა ფრუიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამართულ დებატებში საქართველომ ასოცირების შესრულების კუთხით ძალიან პოზიტიური შეფასება მიიღო.

„დებატებში მონაწილე ევროპარლამენტარებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ევროპარლამენტარები საქართველოში განხორციელებულ მდგრად რეფორმებსა და პროგრესს მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების კუთხით რეგიონში ვარსკვლავია. საქართველოს მომავალი ევროპულია- აღნიშნეს ევროპარლამენტარებმა. დებატებზე აღინიშნა, რომ დემოკრატიის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველო ბევრად წინ წავიდა ვიდრე სხვა ასოცირებული ქვეყნები” , – განაცხადა ირინა ფრუიძემ.

მისივე თქმით, დებატებისას ასევე აღინიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მშვიდ და კონკურენტულ გარემოში გაიმართა.

„ევროპარლამენტში ითქვა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ქალ კანდიდატზე მასიური თავდასხმები მიუღებელია, ხოლო ყოფილი საბჭოთა ჩინოვნიკი საქართველოს პრეზიდენტად არ ეკადრება. ანგარიშში საქართველო აღიარებულია როგორც ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს რეგიონში. ამ სტატუსის მოპოვებას სწორედ იმან შეუწყო ხელი, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმებას წარმატებით,  თანმიმდევრულად ახორციელებს და რეფორმებს ატარებს, რამაც ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს უნდა დაუახლოვდეს”, – განაცხადა ირინა ფრუიძემ.