ირინა აბულაძე - მოსამზადებელი პროგრამა არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, მოიპოვონ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების უფლება
ირინა აბულაძე - მოსამზადებელი პროგრამა არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, მოიპოვონ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების უფლება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ამოქმედებული პროგრამა, მათ საშუალებას აძლევს, უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში სწავლების უფლება მოიპოვონ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე  ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 139-მა აბიტურიენტმა დაასრულა სკოლის შემდგომი უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც თსუ-სა და ზუგდიდის უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდებოდა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს განაცხადების მიღება, თუ რომელ უნივერსიტეტებში სურთ სწავლის გაგრძელება და უახლოეს დღეებში მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება შესაბამისი ნუსხა, რის საფუძველზეც, ისინი სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან. ასევე, აგვისტოს ბოლომდე ინიცირდება მთავრობის დადგენილება მათი სახელმწიფო გრანტით სწავლის დაფინანსების თაობაზე. უახლოეს მომავალშივე, როგორც ეს უკვე განვაცხადეთ, საქართველოს პარლამენტში შევა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება წლევანდელი აბიტურიენტების პირობით ჩარიცხვის შესახებ, რომელთაც ე.წ ენგურის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ნაწილობრივ ან სრულად შეეზღუდათ“, – აცხადებს ირინა აბულაძემ.

წელს პირველად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს ინიციატივით, თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლის შემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, რომლის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 100-ზე მეტი ახალგაზრდისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ დაფინანსებას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ. აღნიშნული პროგრამა მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.