ირინა აბულაძე - ინკლუზიური განათლება მთავრობის პრიორიტეტია
ირინა აბულაძე - ინკლუზიური განათლება მთავრობის პრიორიტეტია

განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რომ ინკლუზიური განათლება მთავრობის პრიორიტეტია.​ ​ირინა აბულაძე აღნიშნავს, რომ გასულ წელს სპეცპედაგოგს, რომლიც მანამდე ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. მათ ხელფასი 250 ლარით გაეზარდათ. 2019 სასწავლო წელს კი, სპეცმოსწავლის ვაუჩერი 500-ის ნაცვლად, 600 ლარი გახდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, წელს განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს პირველი, პრივილეგირებული ეტაპი სწორედ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწაველეებისთვის გამოაცხადა. დარეგისტრირდა 500-მდე მოსწავლე და მათგან 400-ს დაუდგინდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება.

ირინა აბულაძემ აღნიშნა, რომ გასულ კვირას განათლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის რატიფიცირებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, განათლებაზე 100 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება, სახელწოდებაშივე მოიცავს ინკლუზიური განათლების პრიორიტეტულობა.

„ინკლუზიური განათლება სწორედ იქეთკენაა მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი აქცენტი გაკეთდეს ინკლუზიაზე, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სერვისების გაუმჯობესებაზე, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ზრდაზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

განათლების სამინისტრო სამინისტრო გეგმავს, სპეცპედაგოგთა მომზადება უნივერსიტეტების დონეზე მოხდეს. ირინა აბულაძე იმედოვნებს, რომ შესაბამისი პროგრამის შემუშავება და საპილოტე რეჟიმში ჩაშვება 2020 წელს მოხდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 7 000-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა, რომლებსაც 1 700-ზე მეტი სპეცპედაგოგი ემსახურება. საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, ერთ სპეცპედაგოგს შეუძლია, დახლოებით ოთხ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან იმუშაოს.