ირინა აბულაძე - გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ერთეულ შემთხვევებში აბიტურიენტმა საგამოცდო ცენტრში დააგვიანა ან ცენტრი შეეშალა
ირინა აბულაძე - გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ერთეულ შემთხვევებში აბიტურიენტმა საგამოცდო ცენტრში დააგვიანა ან ცენტრი შეეშალა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რომ ყველა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია დროულად დაიწყო და ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია.

„გამოცდები დაიწყო და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია დროულად დაიწყო და ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტმა დააგვიანა საგამოცდო ცენტრში ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი. ყველას მოვუწოდებ, გადაამოწმონ საგამოცდო ბარათები და აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.

მისივე თქმით, გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან დაიწყება.

„დღეს და ხვალ გამოცდები მიმდინარეობს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაგრძელდება ზოგადი უნარების გამოცდებით და საგამოცდო პერიოდი 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან დაიწყება და ცხადია, ამ პერიოდში საგამოცდო ცენტრები სრულად მობილიზებული იქნება. წელს მოხდა სველი წერტილების განახლება და საგამოცდო ცენტრები აღჭურვილია გაგრილების სისტემით. ყველა პირობაა იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა კომფორტულ გარემოში დაწერონ გამოცდა და გამოამჟღავნონ საკუთარი შესაძლებლობები. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ.