IRI-ის ევრაზიის რეგიონული დირექტორი - არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებას არ გავაკეთებთ, დაველოდებით საბოლოო მოხსენებას, რომელიც იქნება ძალიან ფრთხილი, ამას დასჭირდება დრო
IRI-ის ევრაზიის რეგიონული დირექტორი - არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებას არ გავაკეთებთ, დაველოდებით საბოლოო მოხსენებას, რომელიც იქნება ძალიან ფრთხილი, ამას დასჭირდება დრო

IRI საქართველოშია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, რადგან ვიცით, რომ ქართველი ხალხი ელოდება არჩევნებს, რომელიც კარგად იქნება ჩატარებული, – ამის შესახებ IRI-ის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა სტივენ ნიქსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სტივენ ნიქსი ასევე ამბობს, რომ რეალურად, შეფასების გრძელვადიანი გუნდი საქართველოში ქართველი ხალხის დემოკრატიისკენ მისწრაფების მხარდასაჭერად იმყოფება.

„აქტივობა მაღალია. ჩვენ რეალურად, აქ ვართ ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიისკენ მისწრაფების მხარდასაჭერად“, – განაცხადა სტივენ ნიქსმა.

IRI-ის ევრაზიის რეგიონული დირექტორის თქმით, შეფასების გრძელვადიანი გუნდი საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიასა და არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.

„ჩვენ გვყავს შეფასების გრძელვადიანი გუნდი, რომელიც საქართველოში სექტემბრის შემდეგ იმყოფება, ასევე არის პატარა ჯგუფი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა საქართველოში და ფოკუსირებას მოახდენს არჩევნების წინა კვირაზე. შეფასების გრძელვადიანი გუნდი კამპანიის პერიოდზე, არჩევნების დღესთან დაკავშირებით და პოსტსაარჩევნო პერიოდზეც ფინალურ დასკვნას არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს“, – აღნიშნა სტივენ ნიქსმა.

დასკვნასთან დაკავშირებით IRI-ის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ფინალურ მოხსენებაში საარჩევნო კანონთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე იქნება საუბარი. მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებას არ გააკეთებენ, ხოლო საბოლოო მოხსენება იქნება ძალიან ფრთხილი და ამას დრო დასჭირდება.

„ჩვენს ფინალურ მოხსენებაში ვისაუბრებთ საარჩევნო კანონთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ  რეკომენდაციებზე, რადგან გვსურს, საქართველომ გააუმჯობესოს დემოკრატიული პროცესი და ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები. არ გავაკეთებთ წინასწარ შეფასებას ამ არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნების დასრულებისთანავე არ გავავრცელებთ განცხადებას, დაველოდებით საბოლოო მოხსენებას, რომელიც იქნება ძალიან ფრთხილი და თანმიმდევრულ ანალიზზე დაფუძნებული. ამას დასჭირდება დრო“, – განაცხადა სტივენ ნიქსმა.