IRI - გამოკითხულთა 53 პროცენტს სჯერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი, 35 პროცენტს კი ამის არ სჯერა
IRI - გამოკითხულთა 53 პროცენტს სჯერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი, 35 პროცენტს კი ამის არ სჯერა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53 პროცენტს სჯერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი, მათ შორის, გამოკითხულთა 25 პროცენტი სრულად უჭერს მხარს, გარკვეულწილად – 28 პროცენტი.

ხოლო მოქალაქეების 35 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი, მათ შორის, 19 პროცენტი სრულად უჭერს მხარს, 16 პროცენტი გარკვეულწილად.

კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის გამოკითხულთა 12 პროცენტს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.