IRI - გამოკითხულთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი უნდა იყოს პროდასავლური, მაგრამ შენარჩუნებული უნდა იყოს ურთიერთობები რუსეთთან
IRI - გამოკითხულთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი უნდა იყოს პროდასავლური, მაგრამ შენარჩუნებული უნდა იყოს ურთიერთობები რუსეთთან

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რა უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, გამოკითხულთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრო-დასავლური, მაგრამ შენარჩუნებული უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობები. 40 პროცენტი კი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო კურსი უნდა იყოს პროდასავლური.

ამასთან, აღნიშნულ კითხვაზე ექვსი პროცენტი ამბობს, რომ საგარეო კურის უნდა იყოს პრორუსული, მაგრამ შენარჩუნებული უნდა იყოს ურთიერთობები ევროკავშირთან, მხოლოდ ორი პროცენტი ამბობს, რომ საგარეო კურსი უნდა იყოს პრორუსული.

კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს დიალოგის გაგრძელებას რუსეთთან, 36 პროცენტი ამბობს, რომ სრულად უჭერს მხარს, 35 პროცენტი მეტ-ნაკლებად, 14 პროცენტი კატეგორიული წინააღმდეგია, 10 პროცენტი კი მეტ-ნაკლებად.

კითხვაზე, პოლიტიკურად რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს, გამოკითხულთა 88 პროცენტი რუსეთს ასახელებს. რუსეთს მთავარ ეკონომიკურ საფრთხედ აღიქვამს 78 პროცენტი.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.