ირანული სამხედრო წყაროები უარყოფენ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ თეირანმა ვაშინგტონს სამხედრო დარტყმების შეჩერება სთხოვა
ირანის სამხედრო წყაროებმა უარყვეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება იმის თაობაზე, რომ თეირანმა ვაშინგტონს სამხედრო დარტყმების შეჩერება სთხოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ირანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თეირანში ტრამპის განცხადებას „კიდევ ერთი ტყუილი“ უწოდეს.
წყაროების შეფასებით, ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ზეწოლის მცდელობას წარმოადგენს. მათი თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში რჩებიან.
„დაპირისპირება თუ გარდაუვალი გახდება, ყველაფერს ბრძოლის ველი გადაწყვეტს. მაშინ ყველა დაინახავს, ვის ხელშია ძალა და ვის ეკუთვნის საბოლოო სიტყვა“, – აცხადებენ ირანული სამხედრო წყაროები.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ირანისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების თხოვნის საფუძველზე ირანზე ახალი დარტყმები შეაჩერა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, მოხერხდება თუ არა შეთანხმების სწრაფად მიღწევა.