ირანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ქერმანშაჰში აქციის მონაწილეებმა პოლიციის ოფიცერი მოკლეს
ირანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ქერმანშაჰში აქციის მონაწილეებმა პოლიციის ოფიცერი მოკლეს

ირანის ქალაქ ქერმანშაჰში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის ოფიცერი მოკლეს. ირანული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული ამბოხებულები პოლიციის შენობის დაკავებას ცდილობდნენ, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგობა გაუწია და მხარეებს შორის შეტაკება მოხდა. გავრცელებული ცნობით, ამბოხებულმა დემონსტრანტებმა ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი ბანკის ფილიალი და 60-მდე დიდი მაღაზია გაძარცვეს ან დაწვეს.

ირანის პოლიციამ 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად, ერთი მოქალაქე დაიღუპა ქალაქ სირჯანში. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მოსახლეობას პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება საზოგადოებაში არეულობის გავრცელებას არ დაუშვებს.

ირანში საპროტესტო აქციები ბენზინის გაძვირების გამო დაიწყო. ირანის მთავრობამ ლიტრი ბენზინის ფასი 10 000 რიალიდან (9 ცენტი), 15 000 რიალამდე (13 ცენტი) გაზარდა. აღნიშნულ ფასად ერთი თვის განმავლობაში 60 ლიტრი ბენზინის შეძენაა შესაძლებელი, მეტი ბენზინის შეძენის სურვილის შემთხვევაში კი, მოქალაქემ უფრო მეტი უნდა გადაიხადოს.