ირანული მედია – ბოლო ერთ დღეში ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე აშშ-ის თავდასხმების და ჩაბაჰარის პორტში საზღვაო-საკონტროლო კოშკის განადგურების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

00:04, 18.07.2026

ბოლო ერთ დღეში ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე აშშ-ის არმიის თავდასხმების, ასევე ჩაბაჰარის პორტში საზღვაო-საკონტროლო კოშკის განადგურების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

ირანული მედიის ცნობით, თავდასხმები ძირითადად ჰორმოზგანის, ბუშერის, სისტან-ბელუჯესტანის, ხუზესტანისა და ლორესტანის პროვინციებში განხორციელდა.

დარტყმები მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას, რომ ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დაესხმება თავს.

სამხრეთ ირანში ტემპერატურის 50 გრადუს ცელსიუსამდე მატების გამო ირანის ენერგეტიკის სამინისტრომ მოქალაქეებს ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა და აღიარა, რომ აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა ელექტროსადგურები და ეროვნული ქსელი დააზიანა.

ირანული მედიის თანახმად, 17 ივლისს ჩაბაჰარში, შაჰიდ კალანტარის პორტში საზღვაო-საკონტროლო კოშკი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მესამედ დაბომბეს და მთლიანად განადგურდა. როგორც ირანული მედია წერს, ნგრევის მიუხედავად, პორტის ნავმისადგომები, ტვირთის გადამტვირთავი აღჭურვილობა და ოპერაციული ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. ირანული მედიის მიხედვით, ჩაბაჰარს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, როგორც ირანის ერთადერთ ღრმაწყლიან პორტს, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს არაბეთის ზღვასა და ინდოეთის ოკეანეზე და მთლიანად გვერდს უვლის ჰორმუზის სრუტეს.

მსგავსი