ირანთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000-მდე სამხედროს გაგზავნის
ირანთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000-მდე სამხედროს გაგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა განაცხადა. პენტაგონის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალების დისლოცირება მხოლოდ თავდაცვითი მიზნებით ხდება.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, სამხედროები განთავსდებიან ახლო აღმოსავლეთის რეგიონის საჰაერო სივრცეში, ზღვასა და ხმელეთზე არსებული საფრთხეების წინაშე თავდაცვის მიზნით.
მანამდე პენტაგონმა გამოაქვეყნა ახალი ფოტოები, რომლებიც უწყების მტკიცებით, ომანის ყურეში, საერთაშორისო წყლებში ორ ნავთობმზიდზე თავდასხმასთან ირანის კავშირს ადასტურებს. ერთ-ერთ სურათზე ნაჩვენებია მაგნიტის ფრაგმენტები, რომლითაც ტანკერზე შესაძლოა ნაღმი ყოფილიყო მიმაგრებული.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ნაღმი ერთ-ერთი ტანკერის ბორტზე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროებმა მიამაგრეს. ამის დასადასტურებლად ტანკერებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ 14 ივნისს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ გაასაჯაროვა ვიდეოკადრები, რომლებშიც ტანკერის გვერდით სავარაუდოდ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყატარღა ჩანს.
ომანის სრუტეში ორ ნავთობმზიდზე თავდასხმა 14 ივნისს განხორციელდა. აშშ-მა მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა.
ომანისა და სპარსეთის ყურეები ერთმანეთს ჰორმუზის სრუტით უკავშირდება, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი დერეფანია. მსოფლიოში ტრანსპორტირებადი ნავთობის მეხუთედი სწორედ ამ გზით გადის. ირანს ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის მუქარა არაერთხელ გამოუთქვამს.
სპარსეთის ყურეში, არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან, ოთხ ტანკერზე თავდასხმა 12 მაისსაც განხორციელდა. ვაშინგტონმა მომხდარზე პასუხისმგებლობა მაშინაც თეირანს დააკისრა.