ირანში ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს 63-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ირანში ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს 63-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ირანში ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ხამიდ რეზა ბაკაის 63-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ყოფილ მაღალჩინოსანს სახელმწიფო ფინანსების ბოროტად გამოყენება ედებოდა ბრალად.

„მსურს მივმართო ძვირფას ირანელ ხალხს, რომ ბატონმა სადეკ ლარიჯანიმ, ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა, 63-წლიანი პატიმრობა მომისაჯა“ – დაწერა ბაკაიმ Telegram-ის საკუთარ არხზე.

ირანელი ყოფილი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლება მას 63 საბანკო ანგარიშის გახსნასა და დიდი ოდენობის სახელმწიფო სახსრების ხარჯვაში სდებდა ბრალს. ამავდროულად, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ განაჩენი კანონმდებლობის არაერთი დარღვევით გამოუტანეს.

ბაკაი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს მაჰმუდ აჰმადინეჯადის პრეზიდენტობის დროს იკავებდა. მანამდე თავად აჰმადინეჯადიმ ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი ლარიჯანი არაკომპეტენტურობასა და კანონების დარღვევაში დაადანაშაულა.