ირანში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება
ირანში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

ირანში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია კიდევ რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ათეულ ქალაქს და სოფელს ცლიან. რეგიონში, რომელსაც დატბორვა ემუქრება, მოსახლეობის საერთო რაოდენობა 50 ათასს შეადგენს.

ადგილობრივი ხელისუფლება ქალებს და ბავშვებს ტერიტორიას ატოვებინებს, მამაკაცებს კი, სამაშველო ოპერაციებში ჩართვისკენ მოუწოდებს, რადგან სტიქიის მასშტაბების გამო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს და სამხედრო მოსამსახურეებს დახმარება სჭირდებათ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა სამოცდაათს მიაღწია. სტიქიამ ამ დრომდე ორი ათასამდე ქალაქი და სოფელი დააზარალა. მათი გარკვეული ნაწილი ბოლომდე დატბორილია. 86 ათასი ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი.