ირანში წყალდიდობის გამო 70-მდე სოფლის ევაკუაცია მიმდინარეობს
ირანში წყალდიდობის გამო 70-მდე სოფლის ევაკუაცია მიმდინარეობს

ირანში წყალდიდობის გამო 70-მდე სოფლის ევაკუაცია მიმდინარეობს. სტიქია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ხუზისტანის პროვინციაში მძვინვარებს.

„ბიბისის“ ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ ქვეყანაში არსებული 31 პროვინციიდან 23 დააზარალა, რის გამოც ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ წყალდიდობისგან დაზარალებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ვერ ხერხდება. ომარ ზარიფმა ამის მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები დაასახელა.

ამ მომენტისთვის სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ოპერაციაში სამხედრო მოსამსახურეები და სამხედრო ტექნიკაც არიან ჩართულნი. რამდენიმე დასახლებასთან კომუნიკაციის დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

აღსანიშნავია, რომ ათწლეულების განმავლობაში ირანი გვალვას ებრძოდა. 2019 წლის გაზაფხულზე კი, ისლამურ რესპუბლიკას უპრეცედენტო ნალექის გამო მასშტაბურ წყალდიდობასთან გამკლავება უწევს.