ირანში წინასაარჩევნო კამპანია დღეს სრულდება
ირანში წინასაარჩევნო კამპანია დღეს სრულდება

ირანის ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებთან დაკაშირებული წინასაარჩევნო კამპანია დღეს, 17 ივნისს სრულდება.

დედაქალაქ თეირანში პრეზიდენტობის უმთავრესი კანდიდატის, ებრაჰიმ რაისის მომხრეთა მიტინგი გაიმართა.

რაისის მხარდამჭერები ქვეყნის დროშებით, საპრეზიდენტო კანდიდატის სურათებითა და სხვადასხვა შეძახილებით გამოვიდნენ ე.წ. პალესტინის მოედანზე. მათ ირანის ამჟამინდელი მთავრობის ქმედებები გააკრიტიკეს და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მოქალაქეებს რაისის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ღონისძიების მიმდინარეობისას, მონაწილეებმა ქვეყნის უზენაესი სულიერი ლიდერის ალი ხამენეის არჩევნებისადმი მიძღვნილი გამოსვლა მოისმინეს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ადგილობრივი ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების სტუდენტური ცენტრის“ მონაცემებით, ამომრჩეველთა დაახლოებით 60 პროცენტი მზადაა, სწორედ ებრაჰიმ რაისის მისცეს ხმა. მისი უახლოესი კონკურენტი კი ე.წ. მიზანშეწონილობის საბჭოს მდივანი მოჰსეი რეზაეია, რომელსაც დაახლოებით რვაპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 18 ივნისს გაიმართება.