ირანში, მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა
ირანში, მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

ირანში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული სააგენტო „ირნას“ ცნობით, ისრაელის წარმოების დრონი ირანის არდებილის პროვინციაში ჩამოვარდა, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონს ესაზღვრება.

როგორც პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ, ბეჰრუზ ნედაიმ განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, თუ ვის ეკუთვნის დრონი და რა გახდა მისი ჩამოვარდნის მიზეზი.

სააგენტო „ირნა“ აღნიშნავს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი შესაძლოა, აზერბაიჯანის ან სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდეს.