მედიის ცნობით, ირანში, სამგლოვიარო აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა
მედიის ცნობით, ირანში, სამგლოვიარო აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

ირანში სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობა თეირანთან ახლოს სამგლოვიარო აქციაზე მოხდა, რომლის მონაწილეებიც სამართალდამცველების მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის, ნადის ნაჯაფის სიკვდილის მე-40 დღეს აღნიშნავდნენ.

შეტაკებამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასაფლაო დაკეტა, რითაც მოქალაქეების ნაჯაფის საფლავთან მისვლა აღკვეთა.

როგორც „ბიბისი“ წერს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ყარაჯის ავტომაგისტრალი ჩანს, რომელიც დემონსტრანტებს ჰქონდათ ჩახერგილი. კადრებში ასევე ნაჩვენებია ცეცხლმოკიდებული მანქანები და დემონსტრანტები, რომლებიც ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებენ. საპასუხოდ სამართალდამცველები ცრემლსადენ აირს იყენებენ.

ნადის ნაჯაფი ირანში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. 21 სექტემბერს 22 წლის ნაჯაფიმ „ტიკტოკის“ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის დემონსტრანტებს უერთდება. რამდენიმე საათში მას პოლიციის მიერ ნასროლი ტყვია ხვდება. „ბიბისის“ ცნობით, ირანის ოფიციალურმა პირებმა ახალგაზრდა ქალის მამას მოსთხოვეს, ეთქვა, რომ მისი შვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ნორვეგიაში მდებარე ირანელების უფლებადამცველთა ცენტრის წარმომადგენელთა ცნობით, ირანში საპროტესტო აქციების ჩახშობისას ამ დრომდე 277 ადამიანი, მათ შორის 40 ბავშვი და 24 ქალია მოკლული. ირანის ხელისუფლება აქციის მონაწილეთა მკვლელობას უარყოფს და აცხადებს, რომ ამაში უცხოეთიდან მხარდაჭერილ „ტერორისტებს“ ადანაშაულებს. როგორც ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, აქციების დროს 35 სამართალდამცველია მოკლული.