ირანში პრეზიდენტობის შვიდი კანდიდატიდან ორმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა
ირანში პრეზიდენტობის შვიდი კანდიდატიდან ორმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა

ირანის ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე შვიდი კანდიდატიდან ორმა ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ალირეზა ზაქანმა კანდიდატურა ებრაჰიმ რაისის სასარგებლოდ, ხოლო მოჰსენ მეჰრ ალიზადემ ზომიერ-რეფორმისტთა კანდიდატის, აბდოლნასერ ჰემმათის სასარგებლოდ მოხსნა.

ზაქანის განცხადებით, იგი სწორედ რაისს მიიჩნევს ყველაზე კვალიფიციურ კანდიდატად, რომელსაც ქვეყანაში ფუნდამენტური რეფორმების გატარება შეუძლია.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რიგით მე-13 საპრეზიდენტო არჩევნები და ამავდროულად, რიგით მე-6 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 18 ივნისს გაიმართება.

მანამდე, 25 მაისს, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ შვიდი კანდიდატის ვინაობა დაასახელა, რომლებმაც ირანის ე.წ. საკონტროლო ორგანოს – მიზანშეწონილობის წევრთა საბჭოს მხრიდან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო.

როგორც მედია იუწყება, დამტკიცებულ შვიდ კანდიდატს შორის იყვნენ მოსამართლე და ქვეყნის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი, კონსერვატორი ებრაჰიმ რაისი, „მიზანშეწონილობის საბჭოს“ მდივანი და „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყოფილი მეთაური, ხისტი პოზიციის (Hardliner) მქონე მოჰსეი რეზაეი, ისფაჰანის პროვინციის ყოფილი გუბერნატორი, რეფორმატორი მოჰსენ მეჰრ ალიზადე, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი, ხისტი პოზიციის მქონე საეედ ჯალილი, ირანის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ალირეზა ზაქანი, ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე, მოდერნისტ-ტექნოკრატი აბდოლნასერ ჰემმათი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კონსერვატორი ამიერ ჰოსეინ ღაზიზადე ჰაშემი.