ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა
ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ეს ჩინეთის გარეთ დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამრიგად, დაინფიცირებულების საერთო მაჩვენებელმა 245-ს მიაღწია.

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეული რელიგიური ღონისძიებების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. თუმცა წინადადებას პრეზიდენტის ნებართვა სჭირდება. ცოტა ხნის წინ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ქვეყანაში კარანტინის დაწესებას არ აპირებს. თუმცა ამ დრომდე დახურულია კინოთეატრები და გაუქმდა რიგი კულტურული ღონისძიებები თუ კონფერენციები.